გიორგი ჩიქოვანი: „გამოგვეცლება ჰაერივით საჭირო ინვესტიცია, 2000 სამუშაო ადგილი, ქვეყანას შეელახება რეპუტაცია”

რიონის ხეობაში სიტუაცია ისევ დაძაბულია. ხმაური იყო სოფელ ზარათში, სადაც დაპირისპირება სამართალდამცველებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის მოხდა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ამ ეტაპზე გადაკეტილი აქვთ რიონის ხეობაში შესასვლელი ხუთი გზა. თუმცა, როგორც „რიონის ხეობის მცველმა“ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, სამშენებლო კომპანია „ენკას“ რიონის ხეობაში შესვლისა და ტექნიკის შეტანის მცდელობები კვლავ აქვს.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „ენერგონიუსთან“ კომენტარი ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა გააკეთა:

„არსებულ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი, ერთმანეთის პატივისცემა და მოსმენაა. დაძაბულობის ესკალაციით პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა უსაფრთხოების, სეისმოლოგიური, გარემოს დაცვის, ელექტროენერგიის შესყიდვის, ვაჭრობის კუთხით, ვერ იქნება განხილული ბარიკადებზე.

გარდა ამისა, ყველა კითხვაზე არსებობს კომპეტენტური პასუხი. ვისაც მოსმენა უნდა და ვისაც აქამდე არ ჰქონია ამის საშუალება, აუცილებლად უნდა დავსხდეთ და ერთად განვიხილოთ ყველა საკითხი.

მინდა ასევე ხაზი გავუსვა იმას, რომ ბოლომდე მართალი არავინ არ არის, შეიძლება ჩვენთანაც იყოს რაღაც გამოსასწორებელი, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ, მაგრამ, ის რომ არაფერი არ უნდა აშენდეს, ქვეყანა გაჩერდეს, ეკონომიკა არ გაიზარდოს, ყველა ინვესტორი გავყაროთ და ისე მოვექცეთ, რომ არასოდეს აღარავის მოუნდეს ჩვენთან მოსვლა, ეს ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია.

გამოგვეცლება ჰაერივით საჭირო ინვესტიცია, 2000 სამუშაო ადგილი, ქვეყანას შეელახება რეპუტაცია, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ქვეყნის ბიუჯეტს შეიძლება მოუწიოს მილიონობით ლარის გადახდა ჯარიმის სახით, შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაზე საშინელი რამ, ყველაზე ცუდი სწორედ რეპუტაციის შელახვაა არსებული და პოტენციური ინვესტორების თვალში.“

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply