უკრაინა ცდილობს კრიპტოვალუტების ცენტრი გახდეს

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ღარიბი ქვეყანა სუსტი ეკონომიკით, რომელსაც ექსპორტზე ძირითადად ნედლეული და სასოფლო სამეურნეო პროდუქცია გააქვს – რითი უნდა მოიზიდოთ ინვესტიციები?

უკრაინის მთავრობა თვლის, რომ მას ამ შეკითხვაზე პასუხი აქვს – ის ფსონს კრიპტოვალუტეზე აკეთებს და ცდილობს ქვეყანა ვირტუალური ფულის წარმოების და ვაჭრობის ცენტრად აქციოს.

სულ მალე კრიპტოფერმა ევროპაში უმსხვილეს ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურთან გაჩნდება. პროექტი 700 მლნ. დოლარის ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს. ადგილმდებარეობა კრიპტოვალუტების მოპოვების კუთხით მართლაც იდეალური – არც თუ ისე ბევრია მსოფლიოში კრიპტოფერმა, რომელიც ენერგოგიგანტთან გვერდით მუშაობს და მის მიერ გამომუშავებულ ენერგიას შეღავათიან ფასში იღებს.

კიდევ ერთი ფერმა ქალაქ როვნოში მდებარე ატომურ ელექტროსადგურთან შენდება. ორივე პროექტში მსხვილი უცხოელი ინვესტორები მონაწილეობენ.

2020 წლის დეკემბერში უკრაინის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც კრიპტოვალუტაში ინვესტიციებს წაახალისებს – პირველ რიგში დაბალი გადასახადებით. კერძოდ, მოგების გადასახადი 5% იქნება,  ხოლო ფიზიკურ პირებზე საშემოსავლო 5% -ია. გარდა ამისა მაინერები დღგ-ს გადასახადისგანაც გათავისუფლდებიან.

მთავრობის მონაცემებით, დღეს უკრაინაში კრიპტოვალუტების დარგში 100-ზე მეტი კომპანია მუშაობს, ქვეყნიდან 2019-2020 წლებში გატანილია 8,2 მლრდ. დოლარის კრიპტოვალუტები, შესაბამისად, ქვეყანაში 8 მლრდ. დოლარი შემოვიდა.

და ეს იმ პირობებში, როდესაც ხსენებული კანონო მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული – ექსპერტების შეფასებით, როდესაც ის სრულად ამოქმედდება, კრიპტოვალუტაზე მომუშავე კომპანიების რაოდენობა უკრაინაში 2000-მდე გაიზრდება.

მარგამ ყველაფერი ასე მარტივად არაა – კრიპტოვალუტები ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი კორუფციის და ჩრდილოვანი ეკონომიკის კუთხით რთულ ბიზნესად ითვლება. ეს მით უმეტეს პრობლემური საკითხია უკრაინისთვის, რომელიც „საერთაშორისო გამჭირვალობის“ რეიტინგში 117-ე ადგილზეა.

კიევი უკვე წლების მანძილზე აცხადებს, რომ კორუფციის დამარცხებას ცდილობს, თუმცა რეალური და ხელშესახები წინსვლა არ ჩანს – ამას დასავლეთის ქვეყნების მთავრობებიც და საერთაშორისო სავალუტო ფონდიც აღიარებს.

წარმოიდგინეთ ეკონომიკის სექტორი, რომელშიც უამრავი ჩრდილოვანი ოპერაცია სრულდება, რომლის გაკონტროლება და რეგულირება ძალიან რთულია, ამას დაუმატეთ მაღალი კორუფცია.

თუ თქვენი ქვეყანა კორუფციითაა განთქმული, კრიპტოინდუსტრიამ იქ შესაძლოა ფულის გათეთრება დაიწყოს. თუ თქვენ ვერ ამარცხებთ კორუფციას დღეს, როგორ დაამარცხებთ მას ხვალ, როდესაც უკვე არსებულ სირთულეებს კიდევ კრიპტოვალუტა დაემატება?

უკრაინის ხელისუფლება ამ რისკს აცნობიერებს და აცხადებს, რომ კრიმინალი ჩვეულებრივ ფულსაც იყენებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო მსოფლიომ ფულზე უარი უნდა თქვას.

ეს პრობლემა უკვე დღესაც ჩანს  – შვედეთის პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას უკრაინულ კომპანია Milton Group-ის წიანაამღდეგ, რომელსაც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით თაღლითობა ბრალდება. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ ეს საკითხი თავის უკრაინელ კოლეგასთან განიხილა, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე პროგრესი ამ კუთხით არ ჩანს.

უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა მათ საკუთრებაში მყოფი 46 351 ბიტკოინი დაადეკლარირეს – დღევანდელი კურსით ეს 1,7 მლრდ, დოლარი – საოცარი თანხა ქვეყნისთვის, სადაც მოსახლეობის საშუალო შემოსავალი თვეში 450 დოლარია.

Leave a Reply