2030 წლისთვის საჭირო იქნება ქარისა და მზის სადგურების სიმძლავრის გაოთხმაგება, 18-ჯერ მეტი ელექტრომანქანა და ენერგოინტენსიურობის ყოველწლიური 4%-ით კლება

“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) 18 მაისს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშს საკუთარ facebook გვერდზე პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“18 მაისს საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომელიც შეიძლება საეტაპო გახდეს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევისათვის.

ენერგეტიკის სექტორის გზამკვლევი აჯამებს იმ ღონისძებებს, რომელთა გატარებაც აუცილებელია 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალურობის მისაღწევად. ეს კი აუცილებელია იმისთვის, რომ საუკუნის ბოლოსთვის გლობალური ტემპერატურის მატება 1.50C-ს არ გასცდეს და კაცობრიობისთვის მეტნაკლებად მისაღები გარემო შენარჩუნდეს.

მკითხველს შევახსენებთ, რომ 2050 წლისთვის სათბური გაზების ნულოვანი გაფრქვევის მიღწევა ევროკავშირის მწვანე შეთანხმების (Green Deal) მთავარი მიზანია, რასაც სხვა ქვეყნებიც უერთდებიან.

IEA-ს კვლევა აჩვენებს, რომ 2050 წლისთვის მსოფლიოს ნახშირბადნეიტრალურობის მიზნის მისაღწევად აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ენერგიული და კოორდინირებული ქმედებები მრავალ სფეროში. იმისათვის, რომ 2050 წლამდე მიმავალი გზა მეტ-ნაკლებად რეალური იყოს, საჭიროა შუალედური, 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა. 2030 წლისთვის საჭირო იქნება ქარისა და მზის სადგურების სიმძლავრის გაოთხმაგება, 18-ჯერ მეტი ელექტრომანქანა და ენერგოინტენსიურობის ყოველწლიური 4%-ით კლება.

აუცილებელია, რომ ენერგოეფექტიანობის, ქცევითი ცვლილებების და რესურსების რაციონალურად გამოყენების ხარჯზე 2050 წელს ენერგმოხმარება 8%-ით შემცირდეს დღევანდელ დონესთან შედარებით, რამაც, ამავე დროს, უნდა დააკმაყოფილოს 2 მილიარდით მეტი ადამიანი და 2-ჯერ დიდი ეკონომიკა, ვიდრე დღეს.

სააგენტოს ოპტიმიზებულ სცენარში 2050 წლისთვის ენერგიის მიწოდების მეხუთედი მზის ენერგიისგან მიიღება. მზის სადგურების სიმძლავრე გაოცმაგდება, ხოლო ქარის სადგურების სიმძლავრე 11-ჯერ გაიზრდება; მოხმარებული ენერგიის 50% იქნება ელექტროენერგია – ანუ ელექტროენერგიის გამომუშავება 2.5-ჯერ გაიზრდება დღევანდელთან შედარებით. ელექტროენერგიის 90% წარმოებული იქნება განახლებადი ენერგიებიდან, დანარჩენი კი ატომური სადგურების საშუალებით; 2050 წლისთვის ბუნებრივი აირის მოხმარება მცირდება 55%-ით, ხოლო ნავთობის მოხმარება 75%-ით; არსებული ტექნოლოგიებით ამ შედეგების მხოლოდ ნაწილის მიღწევა შეიძლება. დანარჩენი უნდა უზრუნველყოს ახალმა ტექნოლოგიებმა, რომელიც ჯერჯერობით კვლევის და პროტოტიპების დონეზეა.

მკვეთრად უნდა გაიზარდოს ინვესტიციები ენერგეტიკაში და დღევანდელი წლიური 2 ტრილიონიდან, რომელიც ძირითადად წიაღისეულ წყაროებზე იხარჯება, უნდა გახდეს 5 ტრილიონი,რომელიც თითქმის მთლიანად განახლებად ენერგიასა და ახალ ტექნოლოგიებზე დაიხარჯება. ტრადიციულ ენერგეტიკაში დაიკარგება 5 მილიონი სამუშაო ადგილი, სამაგიეროდ დასაქმდება 30 მილიონი ადამიანი მდგრად ენერგეტიკაში.

IEA-ს მიერ გაანალიზებული სცენარი მოითხოვს უპრეცედენტო ძალისხმევას და მრავალმხრივ თანამშრომლობას მსოფლიოს ქვეყნებს შორის კაცობრიობის საცხოვრებელი გარემოს გადასარჩენად. სავარაუდოდ, ანგარიში მნიშვნელოვანი სტიმული გახდება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკების გასააქტიურებლად.”

ანგარიშის მიმოხილვა სააგენტოს ხელმძღვანელის, ფატი ბიროლის, მიერ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/3bGfrcw.

სრული ანგარიში ხელმისაწვდომია http://iea.li/nzeroadmap.

Leave a Reply