2 წელიწადში ბენზინი და დოლარი 50-50 თეთრით გაძვირდა

ბოლო ერთ თვეში ლარი დოლართან მიმართებაში 7%-ით გამყარდა, რაც სამომხმარებლო ფასებს არ დამჩნევია, მათ შორის არ გაიაფებულა არც საწვავი. მაისში მიღწეული ფასების ისტორიული რეკორდი დღემდე ნარჩუნდება. ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე პრემიუმის ტიპის ბენზინი კვლავ 3 ლარი ღირს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1 ლარით, 2 წლის წინანდელ პერიოდს კი, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დღევანდელის იდენტური იყო, 50 თეთრით აღემატება.

ჯერ კიდევ 2 თვის წინ რეგულარის ტიპის ბენზინის შეძენა 2.65 ლარად შესაძლებელი იყო, დღეს მისი ფასი 2.85-2.92 ლარს შორის მერყეობს. 13-18 თეთრით გაიზარდა პრემიუმის ფასიც რომელიც 2.98 ლარიდან იწყება და 3.03 ლარზე ადის. სუპერი ყველა შემთხვევაში 3 ლარს აჭარბებს. 2.78 და იწყება და 2.94-მდე ადის დიზელის ღირებულებაც.

საქართველოში ფასები საწვავზე მთელი წლის განმავლობაში იზრდებოდა. იმპორტიორები მას ლარის ვარდნასა და საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებას უკავშირებდნენ. ბოლო 1 თვეში ლარი 7%-ით გამყარდა, ნავთობი 5%-ით გაძვირდა, საცალო ქსელში ფასებმა ზრდა შეწყვიტა, მაგრამ კლება არ დაუწყია.

რომ არა ნავთობის გაძვირება, ნაკლებადსავარაუდოა, რომ იმპორტიორებზე ფასი 5 თეთრზე მეტით შეემცირებინათ. ზოგადად როდესაც ბირჟებზე და პლატსზე ფასი იზრდება რეაგირება მყისიერია, შემცირებისას კი დაგვიანებული, მიზეზად კი ის სახელდება, რომ შესყიდვა მაღალ ფასად განხორციელდა.

სპეციფიკიდან გამომდინარე საწვავის ფასის ზრდა, მხოლოდ მგზავრობას არ აძვირებს და ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მარტსა და აპრილში ინფლაციის განაკვეთმა 7.2%-ს, ხოლო მაისში 7.7%-ს მიაღწია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქსტატი ელექტროენერგიასა და ფქვილზე სუბსუდიას სამომხმარებლო ფასების ზრდად დეკემბრიდან აღარ თვლის, რეალური ინფლაცია ბევრად უფრო მაღალი გამოდის. მის ფორმირებაში ტრანსპორტირების ხარჯის ზრდამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

არაელასტიურობის გამო, ფასის ზრდა საწვავის მოხმარებას არ ამცირებს, ან თუ ამცირებს ძალიან უმნიშვნელოდ. გასულ წელს მოხმარება მცირედით შემცირდა, წელს პანდემიამდელი ზრდის ტემპი შემცირდა. ორივე შემთხვევაში მიზეზი კოვიდრეგულაციები, ძირითადად კომენდანტის საათია და არა ფასის ზრდა.

იმპორტიორები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დიდი ხანია ნავთობზე აქციზის ფასის განახევრებას ითხოვენ. რაც ლიტრ ბენზინს 19 თეთრით გააიაფებს და გასული წლის იმპორტის მოცულობის გათვალისინებით ბიუჯეტს შემოსავლების ნაწილში 276 მლნ ლარით აზარალებს.

2017 წლის 1-ელ იანვრამდე 1 ტონა ბენზინზე (1300) ლიტრი აქციზის საფასური 250 ლარს, დიზელზე კი 150 ლარს შეადგენდა. 2017 წლიდან პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით ქვეყანა მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადავიდა, რაც რეინვესტირებულ მოგებაზე გადასახადის 15%-იანი განაკვეთის განულებას ითვალისწინებდა. რეფორმამ იმუშავა, 3%-ს ჩამოცილებული ეკონომიკური ზრდის ტემპი 5%-მდე გაიზარდა, 2020 წელს ჯამურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, რომელიც 15 წლიან მინიმუმამდე შემცირდა, რეინვესტირების წილმა 91%-ს მიაღწია, ანუ ახალი ინვესტიცია პრაქტკულად არ განხორციელებულა და მიზერული თანხების მობილიზება მხოლოდ რეინვეტირების ხარჯზე მოხდა. რეფორმას უარყოფითი მხარეებიც გააჩნდა, კერძოდ ბიუჯეტში შემოსავლების შემცირების დასაბალანსებლად ბენზინზე აქციზის ფასი გაორმაგდა, დიზელზე კი 167%-ით 400 ლარამდე გაიზარდა.

1 წლის წინ, პრემიუმის ტიპის ბენზინი 2 ლარი ღირდა. ლარის გაცვლითი კურსი იგივე იყო, თუმცა მსოფლიო ბაზარზე აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება იყო. 2020 წლის აპრილში, XXI საუკუნეში პირველად Brent-ის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი 73%-ით $18-მდე შემცირდა, ამერიკული მსუბუქი ნავთობი კი მინუსში გავიდა და ისტორიულ მინიმუმი -$38 დააფიქსირა. მსგავსი მასშტაბის ვარდნა არ მომხდარა პლატსზე, საიდანაც საქართველო უკვე გადამუშავებულ საწვავს ყიდულობს, თუმცა საწვავის იმორტი მაინც $259 მლნ-ით $498 მლნ-მდე შემცირდა, რაოდენობრივად კი მცირედით 0.9%-ით 1.106 მლნ ტონამდე გაიზარდა, აღნიშნული არა მოხმარების ზრდით, არამედ მარაგების შექმნით იყო გამოწვეული.

დღეს ამერიუკული მსუბუქი ნავთობის ივლისის ფიუჩერსული ფასი $69-ს აჭარბებს, ბრენტის აგვისტოს ფიუჩერსის ღირებულება კი $71-ს რაც 2019 წლის აპრილის მაჩვენებლების ტოლია. 2019 წლის აპრილში პრემიუმის ტიპის ბენზინი 2.50 ლარი, 1 აშშ დოლარი კი 2.70 ღირდა. 2 წელსა და 2 თვეში თუ წინა კვირის გამყარებას არ ჩავთვლით ბენზინიცა და დოლარიც 50-50 თეთრით გაძვირდა.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply