მერკელმა და ბაიდენმა Nord Stream 2-ზე ისაუბრეს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მას G7 სამიტის ფარგლებში შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, სადაც მხარეებმა განიხილეს Nord Stream 2-ის პროექტი.

”ჩვენ (ბაიდენთან) მოკლედ მიმოვიხილეთ Nord Stream 2-ის საკითხი. როგორც თქვენთვის ცნობილია,  მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამერიკის მთავრობასთან და ფედერალური მთავრობის ექსპერტებთან. მე მჯერა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, ორივე ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა კვლავაც დარჩეს ბუნებრივი აირის სატრანზიტო პარტნიორად”- განუცხადა მერკელმა ჟურნალისტებს სამიტის ფარგლებში.

მანამდე, გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბერლინსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები Nord Stream 2 გაზსადენის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გაგრძელდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა აღნიშნა, რომ გერმანული მხარე ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, აგვისტოს შუა რიცხვებში ელოდება კონკრეტულ შედეგებს.

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ცდილობს დაითანხმოს გერმანია, “Nord Stream 2”-ის ამუშავების შესაძლო უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად, ტექნიკური ზომების მიღებაზე. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც გააგრძელებს მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მილსადენი არ ამუშავდეს და რომ ვაშინგტონი აქტიურად ურთიერთობს გერმანიასთან ”იმის დასადგენად, თუ რა უნდა გაკეთდეს” კიევის სატრანზიტო დანაკარგების კომპენსაციისთვის.

მანამდე, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რთული იქნება გაზსადენის მშენებლობის თავიდან აცილება, რადგან ის პრაქტიკულად დასრულებულია. 20 მაისს შეერთებულმა შტატებმა უარი განაცხადა Nord Stream 2 AG-სთვის სანქციების დაწესებაზე, რომელიც ახორციელებს Nord Stream 2 გაზსადენის პროექტს და განმარტა, რომ აღნიშნული მათ ეროვნულ ინტერესებში შედის. თუმცა, სანქციები დააწესა Nord Stream 2 პროექტში მონაწილე რუსული ორგანიზაციებისა და გემების წინააღმდეგ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ხუთშაბათს РИА Новости-სთან გამართულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს განცხადებები Nord Stream 2-ით გამოწვეული შესაძლო სატრანზიტო დანაკარგების კიევსისთვის ანაზღაურებაზე, გავლენას არ მოახდენს მოსკოვის პოზიციაზე და პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply