“აღმოსავლეთ საქართველოს რომ ჰქონოდა გენერაციის ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფდა ელექტროენერგიის იმ მიწოდებას, რასაც „ენგური“ უზრუნველყოფს, ავარიების რისკი შემცირდებოდა”

ორშაბათს იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზისა და ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ ავარიულად გათიშვის გამო, ერთი საათის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა და ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის უმეტეს ნაწილს შეუწყდა.

„ენგურჰესი“ საქართველოს ელექტროსისტემას ორი ხაზით უკავშირდება. ქვეყნის უმსხვილესი გენერაციის ობიექტის ხელმძღვანელის, ლევან მებონიას განმარტებით, დიდი დატვირთვის გამო „იმერეთის“ 500 კვტ-იანი ხაზი ავარიულად გამოირთო, რასაც ასევე მოჰყვა „ენგურჰესის“ აგრეგატების გათიშვაც.

სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყანას დამატებითი გენერაციის ობიექტები არ აქვს, მსგავსი შემთხვევებისგან ქვეყანა დაზღვეული არ არის.

თუ რატომაა აუცილებელი ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობა და როგორ შეუწყობს ხელს აღნიშნული ქსელების გადატვირთვის თავიდან აცილებასა და მსგავსი შემთხვევების შემცირებაში „ენერგონიუსს“ Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილმა განუმარტა.

ექსპერტის სიტყვებით, როდესაც ქვეყანაში არ არის საკმარისი გენერაციის ობიექტები, ქსელს უჭირს:

„ზოგადად, ეს არის ძალიან ტექნიკური საკითხი. საქართველოს ელექტროგენერაციის დიდი ნაწილი მოდის „ენგურჰესზე“. ხოლო იმ გადამცემ ხაზზე, რომელსაც გამოაქვს მთელი საქართველოსთვის ელექტროენერგია, მოდის უდიდესი დატვირთვა. ავარიის მიზეზიც მეტწილად სწორედ ესაა. ფაქტობრივად, მთელი დატვირთვა მოდის ამ ერთ გენერაციის ობიექტზე – „ენგურზე“ და ერთ გადამცემ ხაზზე – „იმერეთზე“, ამ დროს მოხმარება არის ძირითად აღმოსავლეთ საქართველოში.  ახლა წარმოიდგინეთ, აღმოსავლეთ საქართველოს რომ ჰქონოდა საკუთარი გენერაციის ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფდა ელექტროენერგიის იმ მიწოდებას, რასაც „ენგური“ უზრუნველყოფს, ჯერ ერთი ავარიების მოხდენის რისკი შემცირდებოდა, მეორე, თუ მაინც მოხდებოდა ავარია რაიმე მიზეზით, ელექტროენერგიის გარეშე ნაკლები რაოდენობის მოსახლეობა დარჩებოდა და მესამე,  რეზერვუარიანი სადგურების არსებობის შემთხვევაში, რომელთაც ეგრეთწოდებული სწრაფი რეზერვის საშუალება აქვთ, გაცილებით სწრაფად აღდგებოდა ელექტროენერგიის მიწოდება, უფრო მეტიც, შეიძლება ეს ისე სწრაფად მომხდარიყო ავტომატურ რეჟიმში, რომ ჩვენ ავარია ვერც კი გვეგრძნო.“

მიუხედავად იმისა, რომ ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობა ყოველთვის არ გულისხმობს ასევე ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობასაც, ქვეყნის ელექტროსისტემის გამართულად მუშაობისთვის, ანალიტიკოსს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნია როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, მეტი ახალი პროექტების განხორციელება.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply