ფაშინიანი „გაზპრომს“ უპირისპირდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი „გაზპრომ სომხეთის“ თანამშრომლებს სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდებოდა ინფორმაცია, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა მათ მიტინგებზე დასწრებას აიძულებდა.

მისი განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომპანიის მენეჯმენტი თავად მონაწილეობს აქციებში, საკუთარ თანამშრომლებს აიძულებს მიტინგებზე წასვლას, ან კონკრეტული კანდიდატისთვის ხმის მიცემას (20 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში).

”თუ მსგავსი ფაქტები დადასტურდება, ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაქცია. იმედი მაქვს, რომ ხსენებული ფაქტები არ დადასტურდება, რადგან, თუ ისინი დადასტურდა, ეს უკვე ძალიან ცუდ რაღაცას ნიშნავს და მას განსაკუთრებით მძიმე შედეგებიც მოჰყვება ”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა საკუთარ ამომრჩეველთან შეხვედრის დროს.

ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც “მსგავს საქმიანობაში იქნება შემჩნეული, 15 ივლისამდე, სულ მცირე, გაათავისუფლებული იქნება სამსახურიდან”. მან ასევე ახსენა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც. ”არ მესმის, ნუთუ „გაზპრომ სომხეთს“ შეუძლია იმოქმედოს სომხეთის მთავრობისა და ხალხის წინააღმდეგ? იმისათვის, რომ ეს ფიქრადაც კი არ გაივლოთ, თქვენ აუცილებლად დაისჯებით და ძალიან მკაცრადაც”, – განაცხადა მან.

აღნიშნულის შემდეგ, კომპანიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ „გაზპრომ სომხეთი“  აპოლიტიკური ორგანიზაციაა, ამიტომ ”ჩვენ არანაირად არ ვმონაწილეობთ წინასაარჩევნო პროცესებში”.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title