„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კარვის გასაშლელად შეთავაზებული ტერიტორიები მათთვის მიუღებელია

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლების შეთავაზებული ადგილები დაათვალიერეს. აქციის მონაწილეებისთვის მისაღები არც ერთი ლოკაცია არ აღმოჩნდა.

აქტივისტები, რომლებმაც დღეს 13-ვე ადგილი დაათვალიერეს ამბობენ, რომ შეთავაზებულ ლოკაციებზე კარვების გაშლა და ადამიანების უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელია.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მათი სურვილი სოფელ ნამახვანში, ძველ ადგილზე დაბრუნებაა. აქციის მონაწილეები აღნიშნავენ იმასაც, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მათი პირველი კარავი იყო განთავსებული, ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ საკუთრებაა, თუმცა აცხადებენ, რომ ამ საკითხზე დავა გაგრძელდება.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების განცხადებით, პროტესტს კვლავ გუმათში გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, სახელმწიფომ პროტესტის მონაწილეებს სოფელ ნამახვანში პროტესტის გადასატანად 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა.

Leave a Reply