საბერძნეთი და ეგვიპტე ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ

საბერძნეთი და ეგვიპტე შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორებიც ენერგეტიკა და უსაფრთხოებაა. შეთანხმება ორშაბათს, 21 ივნისს, კაიროში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისსა და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათა სისის შორის შედგა.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე და საბერძნეთს, კვიპროსსა და ეგვიპტეს შორის სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.

მიცოტაკისმა ენერგეტიკისა და გარემოს შესახებ ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე გააკეთა აქცენტი და მას უწოდა ნაბიჯი, რომელიც ამ ორი სახელმწიფოს კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.

2020 წლის აგვისტოში, ეგვიპტესა და საბერძნეთს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის დადგენის შესახებ, რომელიც ნავთობისა და ბუნებრივი აირის პოტენციურ მარაგებს მოიცავს.

ზემოხსენებულთან დაკავშირებით ოფიციალურმა ანკარამ მკაცრი რეაქცია გამოხატა და განაცხადა, რომ ეს არღვევს თურქეთსა და ლიბიას შორის არსებულ კონტინენტურ შელფს, შედეგად ის „ბათილია“.

აპრილში, საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს გენ-შტაბის წარმომადგენელებისა და მათი ეგვიპტელი კოლეგების შეხვედრის შემდეგ, ათენსა და ქაიროს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი. ეს შეთანხმება სამხედრო მოქმედებების ფართო სპექტრს მოიცავს, როგორც საბერძნეთში, ასევე ეგვიპტეში და ძირითადად ფოკუსირებული იქნება ერთობლივ წვრთნებზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს შეიარაღებული ძალები სამივე შტო – სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები.

თურქეთმა წლის დასაწყისში დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკებები ეგვიპტესთან, მათ შორის ათწლეულის მანძილზე არსებული დაძაბული ფონის შემდეგ.

გასულ თვეში, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისთვის „სამწუხარო სანახავია“ ეგვიპტის სოლიდარობა საბერძნეთის მიმართ.

Leave a Reply

Menu Title