ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მხარს უჭერს ე. წ. ეკონომიკის მწვანე განვითარებას

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მხარს უჭერს ე.წ. მწვანე ეკონომიკის განვითარებას

საქართველო 2030 წლისთვის „ბიზნესი, როგორც ასეთი“ სცენარის ფარგლებში სათბურის აირების ემისიის 15 პროცენტით შემცირებას გეგმავს, თუმცა ამისათვის საერთაშორისო მხარდაჭერა დასჭირდება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ–იორკში ინტერაქტიულ დიალოგში „ჩვენი პლანეტის დაცვა და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველო მხარს უჭერს ე.წ. ეკონომიკის მწვანე განვითარებას, რისთვისაც ხელს უწყობს თანამედროვე გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვას, სუფთა სატრანსპორტო მომსახურების განვითარებას და უზრუნველყოფს მდგრად მოხმარებასა და წარმოებაზე გადასვლას. საქართველო 2030 წლისთვის გეგმავს „ბიზნესი, როგორც ასეთი“ სცენარის ფარგლებში 15 პროცენტით შეამციროს სათბურის აირების ემისია, მაგრამ ამისათვის ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსების ხელმისაწვდომობა, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, განვახროციელოთ ინვესტიციები ახალ ტექნოლოგიებში და მნიშვნელოვნად შევამციროთ სათბურის აირების ემისია. დაბოლოს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ საქართველოს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მდგრადი მომავალი და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ჩვენი პლანეტა, აუცილებელია დღესვე გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Leave a Reply

Menu Title