ბენზინი ისევ გაძვირდა – იმპორტიორები მიზეზად პლატსის ფასებს ასახელებენ

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა და ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე რეგულარის ტიპის ბენზინის ფასმაც კი 2.95-ს მიაღწია. ბოლო 2 თვეში ლარის 30 თეთრიანი გამყარების მიუხედავად, 1 ლიტრი საწვავის ფასი 10-17 თეთრით გაიზარდა. ნავთობიმპორტიორები აღნიშნულს საერთაშორისო ფასების ზრდის ტენდენციით ხსნიან. ბარელი ნავთობის ფასი იმავე პერიოდში $67-დან $75-მდ ეგაიზარდა. 1 ტონა ბენზინზე $50-ით – $705-მდე გაიზარდა ფასები პლატსზეც.

1-ლი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 2.87-2.95 ლარია, პრემიუმის ღირებულება 2.98 ლარიდან 3.07 ლარამდე მერყეობს, სუპერის ფასი 3.05-დან იწყება და 3.13-მდე ადის. ჩვეულებრივი დიზელის ფასი 2.78-2.89 ლარია, ევროდიზელის კი 2.88-2.99.

ფასების ზრდის მიზეზის დასადგენად კომერსანტი ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ვანო მთვრალაშვილს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, მთავარი მიზეზი პლატსზე ფასების ზრდაა. ლარის გამყარებამ გარკვეული პერიოდი საცალო ფასის ზრდა შეაჩერა, თუმცა კომპანიებმა ბოლოს მაინც მოახდინეს კორექტირება. 1 ტონა (1300 ლიტრი) ბენზინის ფასი ბოლო 1 თვეში $50-ით $705-მდე გაიზარდა. ვალუტის კურსის გათვალისწინებით, 1 თვის წინ პლატსზე 1 ტონა ბენზინი 2145 ლარი ღირდა, დღეს კი ფასი 2228 ლარია, სხვაობა 1 ლიტრში 6 თეთრს შეადგენს.

მოთხოვნის ზრდისა და შემცირებული მიწოდების ფონზე, ნავთობის ფასი, დიდი ხანია პანდემიამდელ ნიშნულს გადასცდა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბრენტის მარკის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსული ფასი 1-ლი ივლისის მდგომარეობით $75.4-ა, რაც 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამერიკული მსუბუქი ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსული ფასი კი $71.3-ა, რაც ასევე ბოლო 33 თვის რეკორდია.

1 წლის წინ ფასები შესაბამისად $42 და $40-ს უდრიდა. საქართველოში კი შარშან ამ დროს რეგულარის ტიპის ბენზინი 1.85, ხოლო პრემიუმის ტიპის ბენზინი 2 ლარი ღირდა.

საწვავის იმპორტიორებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი პერიოდულად ნავთობზე აქციზის ფასის განახევრებას ითხოვს. აღნიშნული 1 ლიტრ ბენზინს 19 თეთრით გააიაფებს, თუმცა გასული წლის იმპორტის მოცულობის გათვალისწინებით საბიუჯეტო შემოსავლებს 276 მლნ ლარით შეამცირებს.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title