ცირკულარული ეკონომიკა და პლასტმასის ნარჩენების მართვის ეროვნული პროგრამა საქართველოში

ცირკულარულ, იგივე წრიულ ეკონომიკას რესურსების გამოყენების ციკლურ პროცესად განმარტავენ, რომლის მთავარ მიზანსაც გადამუშავებული რესურსების ხელმეორედ, მრავალმხრივად და ეფექტიანად გამოყენება წარმოადგენს. თავის მხრივ, ის რესურსების მოხმარების მინიმიზაციას ისახავს მიზნად, რაც როგორც რესურსების სწრაფი ამოწურვის შენელების, აგრეთვე გარემოზე მავნე ზემოქმედების პრევენციას წარმოადგენს. ქვეყნები, რომლებიც გაცხადებულ მიზან-გეგმად მდგრად განვითარებას ისახავენ, აქტიურად მიმართავენ ცირკულარული ეკონომიკის მოდელის დანერგვას და მისი პრინციპების გატარებას მრავალ საქმიანობაში.

ცირკულარული ეკონომიკის მოდელის დანერგვის აუცილებლობა დღითი დღე სულ უფრო აქტუალური ხდება მთელ მსოფლიოში. შეიძლება ითქვას, რომ მთელი რიგი მაღალგანვითარებული ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებიან კიდეც, თუ რომელ მათგანს ექნება უფრო წარმატებულად დანერგილი „მწვანე“ მექანიზმები.

2020 წელს ევროკავშირმა ცირკულარული ეკონომიკის სამოქმედო გეგმა წარუდგინა ფართო საზოგადოებას, სადაც ამ საკითხში ბიზნესის როლსა და მნიშვნელობას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი.

საერთაშორისო ტენდენციას საქართველომაც აუბა მხარი. ჩვენს ქვეყანაში მუშავდება ცირკულარული ეკონომიკის კონტექსტში პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა − პნპეპ, რომელიც ნარჩენების მართვაში პლასტმასის გადამუშავება-მოხმარების მწვავე საკითხის რეგულირებას გულისხმობს. როგორც ირკვევა, საქართველოში მყარი მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მილიონ ტონას სცდება. მუნიციპალური ნარჩენების მთლიან შემადგენლობაში კი მათი შემცველობისა და გარემოსა თუ ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის გამო, ის ერთი-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მოიაზრება. ამავდროულად, საქართველოში პლასტმასის წარმოებისა და იმპორტის ტენდენცია აჩვენებს, რომ მისი რაოდენობა მომავალ წლებშიც სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

საქართველო და ჩვენს ქვეყანაში არსებული ნარჩენების მართვის კანონმდებლობა ნარჩენების პრევენციას, ხელახალ გამოყენებასა და გადამუშავებას პრიორიტეტულ მიზნებად მოიაზრებს, რომელთა მიღწევას ახლო მომავალში გეგმავს. თუმცა, ამჟამად, ქვეყანაში პლასტმასის გადამუშავების მაჩვენებლები ძალიან დაბალია, ისევე, როგორც მოთხოვნა გადამუშავებულ პლასტმასაზე. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში არსებობს შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების კრიტიკული საჭიროება და კომპლექსური მიდგომის აუცილებლობა.

საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში CENN ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით უჭერს მხარს. აღსანიშნავია, რომ მისი ფორმირება ევროპის „მწვანე“ შეთანხმების, ცირკულარული ეკონომიკის სამოქმედო გეგმის, ევროპის პლასტმასის სტრატეგიის, ასოცირების შესახებ შეთანხმების, ნარჩენების მართვის კოდექსისა და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის საფუძველზე მოხდება.

თუ რა ნაბიჯებს გულისხმობს კონკრეტულად პროგრამა, რა იგეგმება და რა მოლოდინი არსებობს მისი განხორციელების შემდეგ, ამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი განგვიმარტავს:

„საქართველოს ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა განიხილავს პლასტმასის მთლიან ღირებულებათა ჯაჭვს − წარმოება, მოხმარება და წარმოქმნილი ნარჩენების მართვა. დოკუმენტი საქართველოს კონტექსტიდან გამომდინარე და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, შემოგვთავაზებს მიდგომებს, რომლებიც ქვეყნის რესურსების ოპტიმიზაციასა და მწვანე ეკონომიკის დანერგვაში დაეხმარება. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის დასანერგად“.

წყარო: entrepreneur.com

 

Leave a Reply

Menu Title