ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

ევროკავშირის ქვეყნები ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე სრული უარის თქმას გეგმავენ

ევროკავშირის ქვეყნები ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე სრული უარის თქმას გეგმავენ. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ნულოვანი ემისიის მქონე ავტომობილები ევროპელებს ამბიციური კლიმატური მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

ევროკომისია გეგმავს, რომ რეგულაციების შედეგად 2030 წლისთვის ახალი სატრანსპორტო საშუალების ემისია მიმდინარე წელთან შედარებით 65%-ით, 2035 წლისთვის კი – 100%-ით შემცირდეს. განსაკუთრებული ყურადღება მსუბუქ ავტომობილებს მიექცევა, რომლებზეც ევროკავშირის ტერიტორიაზე ნახშირორჟანგის ემისიების 12% მოდის.

ანალიტიკოსების განცხადებით, 2030 წლისთვის დასახული მიზნის მიღწევა რთული იქნება ჰიბრიდული ავტომობილების გამოყენებითაც, თუმცა ეს ხელს შეუწყობს ელექტრომობილების წარმოების განვითარებას. ავტომწარმოებლები აცხადებენ, რომ 2030 წლისთვის მათი ყველა ან თითქმის ყველა ავტომობილი ბატარეებზე იმუშავებს. მაგალითად, Volkswagen-ის გათვლებით, 2030 წლიდან გაყიდვების 70%-ს ელექტრომობილები შეადგენს.

ელექტრომობილების მასობრივი დანერგვისთვის ევროკომისია დაავალებს ევროკავშირის ქვეყნებს, ელექტრომობილების დამტენი სადგურები ძირითად ავტომაგისტრალებზე ყოველ 60 კილომეტრში განათავსოს.

Leave a Reply