„ძეგვიჰესის“ პროექტზე მემორანდუმი გაფორმდება

“სადაც კი დიდი ჰესები შენდება, ვალდებულებაში უნდა ჩაიდოს თევზსაშენის გაკეთება”

“სადაც კი დიდი ჰესები შენდება, ვალდებულებაში უნდა ჩაიდოს თევზსაშენის გაკეთება“,- ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშნულით ის მთავრობის მიერ, ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დადგენილების დამტკიცებას გამოეხმაურა. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს ნებართვის გაცემას არაუმეტეს 20 წლის ვადით, ამასთან, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლებას. აღნიშნულ ნებართვას, აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მდგრადი აკვაკულტურის წარმოების პირობებში, 10-წლიან პერსპექტივაში, ქვეყანა მინიმუმ გაასამმაგებს და 20 000 ტონაზე მეტი აკვაკულტურის პროდუქტის წარმოებას შეძლებს.

ცნობისთვის, ექსტენსიური აკვაკულტურა არის ბუნებრივი წყალსატევის (ტბა, მდინარე, წყალჭაობიანი ადგილი და სხვა) ან ხელოვნური წყალსატევის (წყალსაცავი, ზოგიერთი არხი და სხვა წყალსატევი, გარდა აკვაკულტურის კონსტრუქციისა) ხელოვნურად გამრავლებული ქვირითით, ლარვით, ლიფსიტითა და ახალმოზარდეულით ბუნებრივი საკვები ბაზის ხარჯზე დათევზიანება, ამ წყალსატევში არსებული ბუნებრივი თევზის რესურსის აღწარმოების ხელშეწყობა და შემდგომ მისი ზრდის შედეგად თევზჭერა.

როგორც თემურ ტყემალაძე ამბობს, ეს არის სწორი გადაწყვეტილება, თუმცა ამას უნდა მოჰყვეს კანონქვემდებარე აქტები, რომლის საფუძველზეც აკვაკულტურის განვითარებისთვის საჭირო პროექტები შეიქმნება.

„მე ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. არ შეიძლებოდა ამ დარგის ასე მივიწყება. იმიტომ, რომ ძალიან დიდი რესურსი აქვს.

დავიწყოთ იმით, რომ საზოგადოების დასაქმება, რეგიონების გამოცოცხლება, შემოსავლების მოტანა და ა.შ. შეუძლია. მის პოტენციალს ჩვენ ვიყენებთ ძალიან მცირე რაოდენობით.

მე ვფიქრობ, აკვაკულტურის განვითარების მიმართულებით მთელი პროექტები უნდა გაკეთდეს. ჯერ, როგორც ბიზნესის კუთხით და მერე თვითონ გარემოსთვის. მაგალითად, ჩემი ფონდი იწყებს ენდემური იხტიოფაუნის მომრავლებას და ბუნებაში გაშვებას, იმიტომ, რომ ცუდ მდგომარეობაშია და არ შეიძლება მისი მიტოვება. თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ტურიზმი განვითარდეს, აუცილებელია აკვაკულტურის მოწესრიგება.

უნდა მოეწყოს საშენები, რომ მაქსიმალური დატვირთვა იყოს და შედეგსაც ძალიან კარგს მივიღებთ. ბევრი წყალსატევია, ხედავთ რომ ახლა ჰესები შენდება, ეს იგივე წყალსატევებია და მე ვფიქრობ, სადაც კი დიდი ჰესები შენდება, ვალდებულებაში უნდა ჩაიდოს თევზსაშენის გაკეთება. იმიტომ, რომ ეს თვითონ მოსახლეობისთვის იქნება ძალიან კარგი და სასარგებლო. სწორედ ისინი შეძლებენ ამ საშენებით სარგებლობას. შემოსავალიც გაუჩნდებათ. ამ ყველაფერს კარგად დაგეგმვა და მიყოლა სჭირდება, ერთი გადაწყვეტილება საკმარისი არ იქნება. ამას უნდა მოჰყვეს სხვა კანონქვემდებარე აქტები, რომელიც ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა თემურ ტყემალაძემ.

მისი თქმით, სწორი პოლიტიკით ქვეყანა 10 წელში არა თუ წარმოების გასამმაგებას, გახუთმაგებასაც კი შეძლებს, რადგან ამის რესურსი არსებობს.

“მე ვფიქრობ, თანმიმდევრული პოლიტიკითა და პროექტებით, მივიღებთ ძალიან კარგ შედეგს. მეტიც, 10 წელში 3-ჯერ კი არა, 5-ჯერ მეტ წარმოებას მივიღებთ. გარდა ამისა, ჩვენ თუ მდინარეებს დავიცავთ და რაღაც ფორმას ვნახავთ, რომ იქაც ვაწარმოოთ იხტიოფაუნა, ეს საერთოდ უკეთესი იქნება. დღეს მდინარეებს არავინ იყენებს ამ დანიშნულებით. ტურისტებს ვერ ვეტყვით, რომ მოდი და მდინარეში ითევზავე, იმიტომ, რომ არ არის მოწესრიგებული. ეს აუცილებელად გასატარებელი ღონისძიებებია. პირველ რიგში, მოკლავს ბრაკონიერობის შემთხვევებს და მეორე, აკვაკულტურას განავითარებს. მითუმეტეს, ხედავთ, რომ თევზის მოხმარება მსოფლიოში იზრდება და ტურისტების მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა“,- ამბობს თემურ ტყემალაძე.

წყარო: bpn

Leave a Reply