ევროკავშირმა საწვავის დაბეგვრის სისტემის რეფორმა განიხილა

ევროკომისიამ ევროკავშირში საწვავის დაბეგვრის სისტემის რეფორმა განიხილა, 2030 წლისთვის განახლებული კლიმატის მიზნების მისაღწევად.

კომისიამ ოთხშაბათს წარადგინა წინადადებების პაკეტი, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს განხილვას და დამტკიცებას ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში, ახალი მიზნის მისაღწევად, რომელიც 2030 წლისთვის ევროკავშირში ემისიების 55%-ით შემცირებაში მდგომარეობს. რამდენიმე თვის წინ ევროკავშირმა ეს ზღვარი 40%-დან ასწია.

”ყველა მინიმალური ტარიფი განსაზღვრულია ევროში გიგაჯოულზე, რათა ადვილი იყოს პირდაპირი შედარება მეტად და ნაკლებად დამაბინძურებელ საწვავებს შორის”, – ნათქვამია განცხადებაში. ამჟამად განაკვეთები ძირითადად გათვლილია საწვავის მოცულობაზე. შესაბამისად, ახალი სისტემა უზრუნველყოფს, რომ ყველაზე დამაბინძურებელი საწვავი ექვემდებარებოდეს ყველაზე მაღალ გადასახადს, აცხადებენ ევროკომისიაში.

ამჟამინდელი მინიმალური გადასახადის განაკვეთები სხვადასხვა საწვავზე დადგენილი იქნა 2003 წელს და არასოდეს განახლებულა. ამჯერად შემოთავაზებული მინიმალური ტარიფები ავტომატურად გადაიხედება ყოველწლიურად, რათა მოხდეს ენერგიის უახლესი ფასების ასახვა. გარდა ამისა, ევროკავშირი გვთავაზობს დასაბეგრი ბაზის გაფართოებას, აგრეთვე ზოგიერთი საგადასახადო წახალისების გაუქმებას. კერძოდ, ნავთობი, რომელსაც საწვავად იყენებნ საჰაერო და სახმელეთო გადამზიდავი კომპანიები, სრულად აღარ განთავისუფლდება გადასახდისგან ევროკავშირის შიგინით განხორცილებული რეისებისას.

მოქმედი წესების თანახმად, ევროკავშირის ცალკეულ სახელმწიფოებს შეუძლიათ დაადგინონ საწვავის გადასახადის საკუთარი განაკვეთები, ევროპული კანონმდებლობით გათვალისწინებული მინიმალური განაკვეთების შესაბამისად. ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მნიშვნელოვნად მაღალ გადასახადებს უწესებს ბევრ ენერგეტიკულ პროდუქტს, აცხადებენ ევროკავშირში.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ, ეროვნული წამახალისებელი პროგრამების უმრავლესობა ფაქტობრივად ხელს უწყობს ევროკავშირში წიაღისეული საწვავის გამოყენებას, რადგან, აღნიშნული გამონაკლისები არ ითვალისწინებენ კონკრეტული საწვავის გარემოზე ზემოქმედებას. ევროკომისიას სურს თანდათან შეამციროს წიაღისეული საწვავის მოხმარება და გაზარდოს განახლებადი ენერგიის გამოყენება.

ამჯერად, იგი გვთავაზობს საწვავზე ეროვნული ეროვნული წამახალისებელი პროგრამების გაუქმებას. ამავდროულად, ზოგიერთი მათგანი შეიძლება დარჩეს, მაგალითად, პროგრამები ისეთი ენერგოპროდუქტებისთვის, რომლებიც განახლებადი წყაროების გამოყენებით მიიღება.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply