მერია სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟების დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს

“მზის ენერგიაზე მოთხოვნა არის გეომეტრიული პროგრესიით გაზრდილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ბიზნეს სექტორის მხრიდან”

2020 წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წელი იყო, რომელსაც თან ახლდა მთელი რიგი გამოწვევები როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელს მსოფლიოში. გამონაკლისი არც ენერგეტიკული სექტორი ყოფილა: ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, ელექტროენერგიის მომწოდებლების პრობლემები, ტარიფის ზრდა და “ენგურის” ჰიდროელექტროსადგურის წინასწარ დაგეგმილი დროებითი გათიშვა. სწორედ ეს თემები მოექცა წელს ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

მსოფლიოში, განსაკუთრებით აქტუალური იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების არასტაბილურობა,  ევროკავშირის ახალი გეგემები „ნულოვანი გამონაბოლქვის“ მისაღწევად და „ენერგეტიკული ტრანზიცია“ (განახლებად ენერგიებზე სრულად გადასვლა), რამაც უკვე გამოიწვია უდიდესი ავტოკომპანიების მიერ მასიურად უარის თქმა შიგაწვის ძრავიან ავტომობილების გამოშვებაზე.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად იმოქმედა აღნიშნულმა ტენდენციებმა მომხმარებლთა, განსაკუთრებით კი ბიზნესის მხრიდან, განახლებადი ენერგიების ისეთი წყაროებით, როგორიც მზეა, დაინტერესებაზე,  „ენერგონიუსი“ Helios Energy-ის დაფუძვნებელს თორნიკე დარჯანიას ესაუბრა.

“ჩვენი კომპანია უკვე 4 წელია რაც ბაზარზეა და მსგავსი დაინტერესება, როგორიც იყო წელს, მანამდე არ ყოფილა” – აღნიშნავს დარჯანია. მისი აზრით, აღნიშნული იქიდან გამომდინარეობს, რომ ტარიფებმა ბიზნეს სექტორისთვის მოიმატა. “თავად ტენდენციაც შეიცვალა, მანამდე თუ ჩვენს მომხმარებლებს ძირითადად საყოფაცხოვრებო სეგმენტი შეადგენდა, მცირე ზომის სადგურებით, ახლა უკვე ინტერესი და მოთხოვნა მოდის მეწარმეებისგან, თანაც შედარებით დიდი ზომის სადგურებზე”.

ენერგეტიკოსის სიტყვებით, მანამდე ბიზნესისთვის ტარიფი იყო 16.8 თეთრი, რომელიც თითქმის გაორმაგდა და გახდა დაახლოებით 31 თეთრი, რაც მნიშვნელოვანი მატებაა. აქედან გამომდინარე, მზის ელექტროსადგურები უკვე მოგებიანი გახდა. “მოთხოვნა არის გეომეტრიული პროგრესიით გაზრდილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ბიზნეს სექტორის მხრიდან და რაც მთავარია, მომავალშიც ველით ზრდას, რადგან მოხმარებელს (როგორც რიგით მოქალაქეს, ისე მეწარმეს) გაუჩნდა იმის განცდა, რომ ელექტროენერგიის ტარიფმა შიძლება ნებისმიერ დროს მოიმატოს, თან მოიმატოს მნიშვნელოვნად. ამას თუ ასევე დავუმატებთ, თქვენს მიერ ნახსენებ ტენდენციებს, რომელიც დღეს მსოფლიოში შეინიშნება და რომელიც აუცილებლად მოახდენს გავლენას საქართველოზეც, მზის ენერგიისადმი მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება” – აცხადებს ის.

 

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply