ახალი კონფლიქტი ნავთობმომპოვებელთა სამყაროში

მორიგი კონფლიქტი ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს შორის ბაზრის მოსალოდნელზე სწრაფი ზრდის ფონზე დაიწყო  – მოთხოვნა შავ ოქროზე 2019 წლის მაჩვენებლებს უკვე თითქმის მიუახლოვდა, ჩინეთის ეკონომიკა პანდემიის შემდეგ წარმატებით იზრდება, გამოცოცხლება ინდოეთშიც შეიმჩნევა.

ამერიკა და ევროპაც, წარმატებული ვაქცინაციის წყალობით, 2019 წლის მაჩვენებლებს ნელა-ნელა უბრუნდებიან, დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში შეზღუდვები ან მოხსნილია, ან მნიშვნელოვნად შერბილებული. შესაბამისად, მოთხოვნა მოსალოდნელზე სწრაფად იზრდება, ეს კი ოპეკ+-ის შეთანხმების პირობების გადახედვას სულ უფრო აქტუალურს ხდის.

ეს შეთანხმება, რომელიც ნავთობმოპოვების მნიშვნელოვან შემცირებას გულისხმობდა, 2020 წლის აპრილში, პანდემიის პიკზე დაიდო, როდესაც ნავთობის ღირებულება ისტორიულ მინიმუმამდე დავარდა. მაშინ მომპოვებელი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ბაზრის გადარჩენისთვის სასწრაფო ზომები იყო მისაღები.

დღეს კი ვითარება რადიკალურად განსხვავებულია და 2020 წლის აპრილში დაწესებული შეზღუდვები აშკარად ზედმეტია. მოთხოვნა ნავთობზე უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ოპეკ+-ის გარიგების პირობები იცვლება. მოთხოვნას და მიწოდებას შორის ბალანსის დარღვევამ ფასების ზრდა გამოიწვია – ბარელი ნავთობის ღირებულება უკვე 70 დოლარს გადასცდა, ეს კი ერთ სერიოზულ რისკს შეიცავს, კერძოდ, ამერიკის ფიქალის ინდუსტრიის აღორძინებას.

ეს სექტორი ოპეკ+-ის შეთანხმებაში მონაწილეობას არ იღებდა, მასზე არავითარი კვოტები და შეზღუდვები არ ვრცელდება. შესაბამისად, ძვირი ნავთობის პირველი ბენეფიციარი სწორედ ამერიკული ფიქალის ინდუსტრიაა.

ამ ფონზე ლოგიკურია, რომ საუდის არაბეთს, რუსეთს და სხვა მომპოვებელ ქვეყნებს საბაზრო ბალანსის დარეგულირება სურთ. ბოლო თვეების მანძილზე საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვების ზრდა ეტაპობრივად დაიწყო – ასეთი ტაქტიკის მიზანია ბაზარზე ფასების უკონტროლო ზრდის შეჩერება, მაგრამ, პარალელურად, ვარდნის თავიდან აცილება.

თუმცა, ნავთობის ბაზარს გარკვეულობა უყვარს, ამას კი ხელს საემიროების შეურიგებელი პოზიცია უშლის – მათ სადღეისოდ არსებული მოპოვების კვოტა არ მოსწონთ. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ აგვისტოში ოპეკ+ მოპოვებას არ გაზრდის, ბაზარზე არასტაბილურობა შენარჩუნდება, მსხვილ მოთამაშეებს შორის კი მოსალოდნელია საფასო ომები.

ოფიციალურ აბუ-დაბის არსებული ფასები აწყობს  – საემიროების ბიუჯეტის არადეფიციტურობისთვის საკმარისია ნავთობის ფასი ბარელზე 64 დოლარის დონეზე შენარჩუნდეს, თუმცა, ქვეყანას აქვს მეტი შავი ოქროს მოპოვების და შესაბამისად, მეტი მოგების მიღების საშუალება. თანაც, მოპოვების ზრდის შემთხვევაში საემიროებს შეუძლიათ ოპეკი+-ის წევრ ქვეყნებში მეორე ადგილი დაიკავონ.

კარტელის შიგნით კონფლიქტის მიზეზი სწორედ ეს არარეალიზებული პოტენციალი გახდა – საემიროების ივნისის კვოტა დღე-ღამეში 2,6 მლნ ბარელს შეადგენს, მაშინ როდესაც პოტენციალი 1,5 მლნ-ით მეტია.

აბუ-დაბის მიერ რეზერვში გადატანილი სიმძლავრეების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მსოფლიოში – ეს კი ნიშნავს, რომ საემიროები შეზღუდვების გამო სხვებზე მეტს კარგავენ.

ექსპერტების აზრით, ეს დავა საშიშია ყველა მომპოვებელი ქვეყნისთვის – თუ რას ნიშნავს კონფლიქტი მსხვილ მოთამაშეებს შორის, ეს მსოფლიომ ერთხელ 2020 წლის მარტში დაინახა, როდესაც საუდის არაბეთს და რუსეთს შორის შეუთანხმებლობის გამო ნავთობის ფასი თითქმის ნულამდე დაეცა.

ამის განმეორება არავის უნდა, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ აგვისტოს დასაწყისში ოპეკ+-ის მორიგ შეხვედრაზე საემიროების მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ის ახალ კვოტებს მიიღებს.

ეს გარიგება რუსეთს და საუდის არაბეთს საერთაშორისო ბაზარზე ვითარების კონტროლის შესაძლებლობას მისცემს იმისთვის, რომ ნავთობზე ზედმეტად მაღალმა ფასმა ამერიკელების პოზიციების გაძლიერებას ხელი არ შეუწყოს.

წყარო: forbes

Leave a Reply