“თუ სომხეთის ელექტროსისტემა ახერხებს მთლიანი მოხმარების 10%-ის მზის ენერგიით დაკმაყოფილებას, რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ ჩვენ?”

2020 წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წელი იყო, რომელსაც თან ახლდა მთელი რიგი გამოწვევები როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელს მსოფლიოში. გამონაკლისი არც ენერგეტიკული სექტორი ყოფილა: ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, ელექტროენერგიის მომწოდებლების პრობლემები, ტარიფის ზრდა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის წინასწარ დაგეგმილი დროებითი გათიშვა. სწორედ ეს თემები მოექცა წელს ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

მსოფლიოში, განსაკუთრებით აქტუალური იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების არასტაბილურობა,  ევროკავშირის ახალი გეგემები „ნულოვანი გამონაბოლქვის“ მისაღწევად და „ენერგეტიკული ტრანზიცია“ (განახლებად ენერგიებზე სრულად გადასვლა), რამაც უკვე გამოიწვია უდიდესი ავტოკომპანიების მიერ მასიურად უარის თქმა შიგაწვის ძრავიან ავტომობილების გამოშვებაზე.

ხსენებულმა ტენდენციებმა მნიშვნელოვნად გაზარდა საქრთველოში მოთხოვნა მზის ენერგიაზე, როგორც სამომხმარებლო, ისე ბიზნეს სექტორის მხრიდან.

იმის გასარკვევად, თუ რესურსების ოპტიმალურად გამოყენების შემთხვევაში, რა სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუშავება შუძლია საქართველოში მზის ენერგიას და მოსახლეობის რა ნაწილს დააკმაყოფიებს აღნიშნული, „ენერგონიუსი“ Helios Energy-ის დაფუძვნებელს თორნიკე დარჯანიას ესაუბრა:

“არსებობს რეგულაცია ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული სადგურებით სარგებლობისთვის და მის ფარგლებში სადღაც 50 მეგავატ ენერგიაზეა საუბარი, რომელიც, რა თქმა უნდა არის ძალიან ცოტა. თუ ამ დადგმულმა სადგურებმა არ შეუქმნა ქსელს დისბალანსი და არ გამოიწვია ქსელში გადატვირთვები და ავარიები, მაშინ ხსენებული მონაცემი გაიზრდება” -აღნიშნა ენერგეტიკოსმა.

დარჯანიას სიტყვებით, საქართველოს ელექტროსისტემას აქვს სტრატეგიაში გათვალისწინებული 2030 წლისთვის 300 მეგავატი სიმძლავრის მზის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მიერთება.

“ჩვენ შეგვიძლია მეტიც გამოვიმუშავოთ, თუ ამას სისტემა გაუმკლავდება. ძირითადად, ამჟამად ნეტო აღირცხვა ხდება 500 კილოვატამდე სიმძლავრის სადგურებზე. ანუ, გამოდის, რომ ხსენებული 50 მეგავატის ათვისება უნდა მოხდეს 500-500 კილოვატიანი სადგურებით, რადგან დიდი სადგურები, მაგალითად 5 ან 10 მეგავატიანი და მეტი არ დგას საქართველოში. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ, ჯერ ერთი, გარანტირებული შესყიდვის ტარიფი არ გვაქვს, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია, ამასთან, არც ენერგეტიკული ბაზარია განვითარებული,  მოგეხსებათ, ენერგობირჟის ამოქმედებაც გადაიდო და შესაბამისად, აღნიშნული ხდება ფინანსურად არამომგებიანი და მეორე, თავად პროცესსაც შეიძლება შეექმნას პრობლემები, მაგალითად, ტექნიკური სახის და შეიძლება მიიღოთ ასეთი პასუხი, რომ სადგურს ვერ ჩართავენ ქსელში” – დაამატა მან.

ენერგეტიკოსის აზრით, ხსენებულში ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა იმდენად განავითარა სისტრემა, გეგმავენ მთლიანი მოხმარების 10% მზის ენერგიით დააკმაყოფილონ. შესაბამისად, თუ სომხეთის ელექტროსისტემამ და ქსელებმა შეძლეს ტექნიკურად აღნიშნულის მიღწევა, წესით, არც ჩვენთვის უნდა იყოს მიუღწეველი. “იმედი ვიქონიოთ, რომ ასეც მოხდება, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ავღნიშნო, რომ ტექნოლოგიური კუთხით ძალიან დიდი ჩამორჩენა გვაქვს. რეგიონშიც კი, ყველა ქვეყანა გვისწრებს, მათ შორის აზერბაიჯანიც, რომელსაც საკუთარი წიაღისეული საწვავის რესურსები აქვს”.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply