“დიდი ზომის კრიპტო ფერმები აუცილებლად უნდა დაიბეგროს”

მიუხედავად ფასების არასტაბულურობისა და ქვეყნების განსხვავებული პოლიტიკისა (მაგალითად, სალვადორი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბიტკოინი კანონიერ საგადასახადო საშუალებად გამოაცხადა, ხოლო ირანმა და ჩინეთმა სრულიად აკრძალეს მისი, როგორც მოპოვება, ისე გამოყენება), 2009 წლიდან მოყოლებული, ბიტკოინის პოპულარობა – და ფასიც – მუდმივად იზრდება. მიმოცვლაში არსებული ჯამური ბიტკოინების საბაზრო ღირებულება $900 მილიარდ დოლარს აღემატება, რაც Facebook-ის ბაზრის კაპიტალიზაციაზე მეტია.

ბიტკოინის ფასისა და პოპულარობის ზრდასთან ერთად, ექსპონენციალურად იზრდება მის მოსაპოვებლად საჭირო ელექტროენერგიის ოდენობა.

კრიპტოვალუტის მაინიგით საქართველოშიც დაინტერესდნენ. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით 2019 წელს მოხმარებული ელექტროენერგიის 8.5%  – კრიპტომაინინგზე დაიხარჯა, ეს 1.085 მლრდ კვტ/სთ-ა, იმავე წლის იმპორტის 66.7% და ენერგოდეფიციტის 78%. ბიტკოინმწარმოებელი კომპანიების მიერ გახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობა მიდინარე წლის ანვარ-აპრილში 70,73%-ით გაიზარდა.

კრიპტოვალუტის ფერმებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი ადგილი სვანეთია. მიზეზი, რა თქმა უნდა, უფასო ელექტროენერგიაა.

თუმცა, ამ მხრივ გაცილებით უფრო დიდი პრობლემა ოკუპირებულ აფხაზეთშია, ვიდრე თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამასთან, აფხაზეთში მაინინგი ოფიციალურად აკრძალულია. შედარებისთვის, 2020 წელს „ბიტფურმა“, რომელიც საქრთველოს ტერიტორიაზე ყველაზე დიდ ფერმას წარმოადგენს, 132 მლნ კვტ/სთ მოიხმარა. გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ კომპანიას იაფი დენი აქვს და არა უფასო, დაბალ ფასს კი დღგ-სგან გათავისუფლებით მიიღწიეს. ამ დროს, აფხაზეთში ეს ყველაფერი ნულის ტოლია, რის გამოც რეგიონის მოხმარებამ 2021 წლის პირველ კვარტალში თბილისის მაჩვენებელს 27%-ით გაუსწრო.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად ეფექტურია მზის ენერგიის გამოყენება კრიპტომაინიგისთვის და შესაძლებელია, თუ არა, მისი მეშვეობით შემსუბუქდეს ის რთული სიტუაცია, რასაც კრიპტოვალუტის მოპოვება უქმნის საქართველოს ენერგოსისტემას,  “ენერგონიუსი“ Helios Energy-ის დაფუძვნებელს თორნიკე დარჯანიას ესაუბრა:

“რა თქმა უნდა, მზის და სხვა განხლებადი ენერგიების გამოყენება შეიძლება კრიპტომაინინგისთვის, სხვათა შორის, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კანონმდებლომდებლობა ავალდებულებს მეწარმეს, რომ მხოლოდ განახლებადი ენერგიები გამოიყენოს და არ მოიხმაროს წიაღისეული საწვავი კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის” – განაცხადა ენერგეტიკოსმა.

თუმცა, დარჯანიას აზრით, საქართველოში ჩვენ ვაწყდებით სხვა პრობლემას, კრიპტო ფერმების უმრავლესობა განთავსებულია ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე და ადგილი აქვს ელექტროენერგიის მიტაცებას. მისი სიტყვებით, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ენერგია თავად აფხაზ მოსახლეობასაც კი არ ხმარდება. “მიტაცებულ „ენგურის“ ენერგიას იყენებენ გაურკვეველი წარსულის მქონე ინდივიდები რუსეთიდან და  უფასოდ. ეს არის უსერიოზულესი პრობლემა.”

ენერგეტიკოსის სიტყვებით, ზუსტად იგივე ხდება ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც – სვანეთში, სადაც ელექტროენერგიის უფასოდ დატაცების ფაქტები ასევე ძალიან ხშირია. “პრობლემა არის სწორედ ეს, როდესაც მოიხმარ ენერგიას და არ იხდი მის საფასურს, თორემ, თუ ვინმეს აქვს მაინინგისთვის განკუთვნილი დანადგარი, მაგრამ იხდის მოხმარებული ენერგიის გადასახადს, პრობლემას აქ ნაკლებად ვხედავ” – დაამატა მან.

თუმცა, დარჯანიას აზრით აქ უკვე თავს იჩენს მეორე პრობლემა: თუ ვინმეს აქვს დიდი ფერმა, რომელიც მოიხმარს დიდი ოდენობით ენერგიას, შეიძლება სახელმწიფოს აღნიშნული არ უღირდეს, რადგან, ელქტროენერგიის ტარიფი არის სოციალური, რაც ნიშნავს, იმას, რომ თუ ჩვენ „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებულ ენერგიას იაფად მოვიხმართ, ამას სახელმწიფო აფინანსებს, შესაბამისად თუ სახელლმწიფო ჩათვლის, რომ მის მიერ დაფინანსებული რესურსი აქტიურად იხარჯება ისეთ რაღაცაზე, რასაც შემდეგ არ მოაქვს შემოსავალი ქვეყნის ბიუჯეტში, მაშინ უნდა დაბეგროს მაინერები, სწორედ ეს მიაჩნია ენერგეტიკოსს არსებული სიტუაციის შემსუბუქებისთვის ყველაზე ეფექტურ ნაბიჯად:

“ბუნებრივია, აღნიშნული არ უნდა შეეხოს მცირე ზომის მეწარმეებს, მაგალითად, თუ ვინმეს ერთი დანადგარი აქვს სახლში და ოჯახისთვის თვეში დამატებით 300 დოლარს გამოიმუშავებს. საუბარი მაქვს დიდი ზომის ფერმებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიბეგროს. ისიც არასწორად მიმაჩნია, რომ მსგავსი საწაროები იყოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში განთავსებული და საერთოდ არ იხდიდნენ არანაირ გადასახადს, როდესაც სისტემას ადგება ამხელა დატვირთვა. გარდა ამისა, გამოდის, რომ ვიღაც იყენებს ჩვენს იაფ რესურსს დოვლათის შესაქმნელად, რომლიდანაც არაფერი არ რჩება საქართველოში, არც გადასახადის, არც რაიმე სხვა სახით. მაშინ როდესაც, ის მაინერი, რომელსაც ერთი აპარატი უდგას სახლში, შეიძლება ბიუჯეტში წვლილი გადასახადის სახით არ შეჰქონდეს, მაგრამ ის გამომუშავებულ თანხას ისევ საქართველოში დახარჯავს” – განაცხადა მან.

ხსენებულიდან გმომდინარე, ენერგეტიკოსს, კრიპტომაინინგთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, სახელმწიფოს მიერ სწორი პოლიტიკის გატარება და შესაბამისი რეგულაციების შემუშვება მიაჩნია, “თორემ, ბუნებრივია, ისეთი განახლებადი ენერგიების გამოყენება მაინიგისთვის, როგორიც მზე და ქარია, სწორი გადაწყვეტილებაა” – დაამტა მან.

ნინო სამადაშვილი

 

Leave a Reply