„რიონის ხეობის მცველები“ მედიაციის პროცესში მიღწეულ შეთანხმებებს არ ასრულებენ

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის დირექტორი, გიორგი აბრამიშვილი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ნამახვანჰესის თემზე ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ჩრთულობით მიმდინარე მედიაციის პროცესს აფასებს.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ მედიაციის პროცესში შედგა კონკრეტული გეგმა და შეთანმხმება, მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება არ ხდება, რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც მედიაციის პროცესს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას, ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

 „დიდი ხანია არაფერი დამიწერია ნამახვანის საკითხებზე. მედიაციის პირველი რაუნდის შემდეგ, როდესაც ნატახტარში შევხდით ერთმანეთს, „რიონის ხეობის მცველების“ მიმართ იმედის ნაპერწკალიც კი გამიჩნდა (ქალბატონები არ მიწყენენ, მაგრამ მამაკაცების ნაწილმა, ვარლამის ჩათვლით, გააღვივეს ჩემში ეს ნაპერწკალი), გავიფიქრე კიდეც, იქნებ მართლაც გულწრფელად სჯერათ და ასე იმიტომ მოქმედებენ-მეთქი, იქნებ, ეს ექსტრემისტი არასამთავრობოები და „გოდოლაძეები“ ურევენ ტვინს-მეთქი, ვიფიქრე, დაიღალნენ ამდენი პროტესტით, თვითონაც უნდათ ვითარების დეესკალაცია და საგნობრივ საუბარზე გადასვლა-მეთქი.

შესაბამისად, მას მერე შევეცადე, რომ ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაცია  მაქსიმალურად შემემცირებინა სოცქსელებშიც და ტელევიზიებშიც და დეესკალაციისთვის ხელი შემეწყო, სადმე რამე ზედმეტი რომ არ წამომცდენოდა. ერთ გადაცემაში კი მაინც მივედი, რომელშიც ვარლამიც ერთვებოდა, მაგრამ ექსტრემისტმა არასამთავროებმა გაასაჩივრეს მთავარ მედიატორთან, ბატონ ბუშლესთან, რატომ ლაპარაკობს ამდენს გიორგიო, ანკი ვინ ეკითხებოდათ, მე სად და რას ვიტყოდი, მაგრამ გასაგები იყო მიზანი: გულზე ხვდებოდათ, რასაც ვამბობდი და გარიცხვაც მოითხოვეს ჩემი და ბატონი მურმან მარგველაშვილის მედიაციიდან.

მოკლედ, რისი თქმა მინდა – თვენახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც 4-პუნქტიანი გეგმა შედგა იმ შეხვედრაზე, მოკლე შინაარსი ესე გამოიყურება:

1. ჯებირების აღება და პროტესტის რელოკაცია შიდა ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ ის მშვიდობიანი იქნებოდა და სამუშაოებს არ შეაფერხებდა;

2. გარემოსდაცვით საკითხებზე ტექნიკური დავალების გაწერა საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტისთვის;

3. ტექნიკური დავალების გაწერა კონტრაქტის კომერციული ნაწილის შესაფასებლად;

4. სამინისტროსგან მთლიანი ენერგოპოლიტიკის დოკუმენტის მოთხოვნა.

ჯებირები მოხსნილია, ტექნიკური დავალება ორივე საკითხზე შედგენილია, ენერგოპოლიტიკის დოკუმენტის დრაფტიც არსებობს, მაგრამ რად გინდა – არ გადადიან „რიონის ხეობის მცველები“ არც ერთ შერჩეულ ლოკაციაზე (13 ლოკაცია შესთავაზა მთავრობამ! ერთ-ერთი, რომელზეც თითქოს დათანხმდნენ, მოასწორეს და მოაწესრიგეს კიდეც), არ ხსნიან გზებსა და ბლოკპოსტებს, რომ მშენებლობა არ განხლდეს, რომ კომპანიამ დატოვოს ქვეყანა, გვიჩივლოს სასამართლოში, ასეულობით მილიონი დოლარით იზარალოს ხალხმა ისედაც პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში და საბოლოოდ, ვიქცეთ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულ, მოჩანჩალე გუბერნიად.

ვფიქრობ, უკვე ყველა ნორმალურმა და მოაზროვნე ადამიანმა დაინახა „ხეობის მცველების“ ნამდვილი სახე 5 ივლისს – რბილად რომ ვთქვათ, ფასეულობათა აშკარა  აღრევა აქვთ, ამიტომაც ისმოდა მათგან ამდენი ქსენოფობიური და ურაპატრიოტული განცხადებები, საბოლოოდ რომ ჰომოფობიურში გადაიზარდა. თუმცა მათი უმეტესობა მე მაინც მოტყუებული მგონია, ბრმა იარაღად ქცეული ნამდვილი მავნებლებისა და იდეოლოგების, ამ ექსტრემისტი არასამთავროების: ფსევდო „მწვანე ალტერნატივის“ და ვითომდა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელში, რომლებიც ასე იოლად გაემიჯნენ „მცველებს“, რადგან დროულად მიხვდნენ, რომ იმ ჯგუფებთან მხარში დგომით, რომლებიც აშკარა ჰომოფობურ განცხადებებს აკეთებენ, დასავლურ გრანტებსაც დაკარგავდნენ და მედიის მხარდაჭერსაც. თუმცა ევროპელთა გამჭრიახი თვალისთვის არც ეს ფაქტი დარჩენილა ყურადღების მიღმა და ევროპის ენერგოგაერთიანების ევროპულად „რბილ“ და კარგად გასაგებ განცხადებებსაც ეტყობა აღშფოთება დესტრუქციული ქმედებების გამო. რეალურად კი, ეს ფსევდო-ორგანიზაციები, ამჯერად ცდილობენ ახალი კამპანიით აღიდგინონ დაკარგული პოზიციები: „რიონის მცველებისა“ და მათი ჰომოფობი წევრებისთვის ახალი პლატფორმები გახსნეს სოციალურ ქსელებში, ნაყიდი ლაიქებით („ალტ-ინფოს“ ხელწერას წააგავს, თუმცა მტკიცებულება არ მაქვს). აგერ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ რიონის ხეობის სწორედ იმ „მცველების“ დაჭერას ასაჩივრებს, გადაღებულ კადრებში პოლიციელებს რომ ურტყამდნენ, ხოლო „მწვანე ალტერნატივა“, მედიის გულის მოსაბრუნებლად ტურსაც კი გეგმავს, რომ თავს ახალი მითები მოახვიოს: რამდენად დაუშვებელია რიონზე კაშხლების მშენებლობა და როგორ დააქცევს ეს ჩვენს ქვეყანას  (იმის მიუხედავად, რომ რიონზე 8 კაშხალი უკვე დიდი ხნის წინ არის აგებული და მათ შორის უძველესი 85 წელს ითვლის!), კოლხური ზუთხის გადაშენების მითის მსგავს ახლადშეთხზულ მითებიც მოუყვეს და ბოლოს, ალბათ, ისიც კი შეაპაროს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთის გაზზე მომუშავე თბოსადგურები გაცილებით გონივრული და უსაფრთხო ალტერნატივაა, ვიდრე საკუთარ ჰიდრორესურსებზე მომუშავე ჰესები. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გამოცდილი მედია არ აჰყვება ამ „მწვანედ“ შენიღბულ დეზინფორმაციას, არ დაუთმობს თავის პლატფორმებს და ამით არ გააძლიერებს რუსული ჰიბრიდული ომის საფრთხეებს საქართველოში.

ნამახვანჰესი კი აუცილებლად აშენდება, აშენდება სხვა ჰესებიც იმ მიზნით, რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდეს და ნამდვილი დამოუკიდებლობა მოიპოვოს მტრის ჯინაზე!“.

Leave a Reply