ზვიად შალამბერიძე: მიჩნდება განცდა, რომ ხელოვნურად ხდება მედიაციის პროცესის ხელის შეშლა

22 ივლისს ევროპის ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ნამახვანჰესის მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე მედიაციის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

2020 წლის 12 ივნისს დაიწყო მედიაციის პროცესი და გაიმართა პირველი შეხვედრა. პირველი სესიის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სხვადასხვა პირობების შესრულებაზე, იმისათვის რომ მედიაციის პროცესი გადავიდეს შემდეგ ეტაპზე და მოხდეს მნიშვნელოვანი დარგობრივი საკითხების განხილვა.

მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან მოხდა გუმათში რკინის ჯებირის აღება და ასევე, რიონის ხეობის მცველებისთვის პროტესტის ადგილად ალტერნატიული 13 მიწის შეთავაზება.

მედიაციის პროცესში მეორე მხარეს „რიონის ხეობის მცველებს“ დაევალათ, აეღოთ პასუხისმგებლობა და საჯაროდ ეთქვათ, რომ პროტესტს ექნებოდა მხოლოდ მშვიდობიანი სახე და არ მოხდებოდა გზების ბლოკირება. პირობა მათი მხრიდან ჯერ არ შესრულებულა.

მედიაციის პროცესი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა შეაფასა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და ხელი შეუწყონ მედიაციის პროცესის წარმართვას.

აღნიშნულ თემაზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საუბრობს.

– ბატონო ზვიად, ვარლამ გოლეთიანმა საკუთარ ფეისბუკ ლაივში აღნიშნა, რომ მედიაციის პროცესს დაწყებულადაც არ მიიჩნევს, ვინაიდან პირველადი პირობები მხოლოდ გარკვეულწილადაა შესრულებული. როგორ შეაფასებთ გოლეთიანის განცხადებას?

– პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გავეცანი ბატონი დირკ ბუშლესა და დავით თვალაბეიშვილის განცხადებას და ორივეს სრულიად ვეთანხმები. მედიაციის მიზანი ვითარების დეესკალაცია და იმ მნიშვნელოვან საკითხების განხილვაზე გადასვლაა, რაც საზოგადოებას აწუხებს. ვგულისხმობ, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულებისა და პროექტის ირგვლივ არსებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტების განხილვას. აღნიშნული თემების განხილვა მოხდება მედიაციის მომდევნო ეტაპზე, რომელზე გადასასვლელადაც მნიშვნელოვანია ყველა მხარემ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

მოგეხსენებათ, სახელმწიფოს მხრიდან დაიწყო კონკრეტული პირობების შესრულება, კერძოდ გუმათში აიღეს რკინის ჯებირები, პროტესტანტებს შევთავაზეთ 13 ალტერნატიული ლოკაცია კარვის გასაშლელად, მათ შორის მე-13 ადგილის ტექნიკით მოწესრიგება და მათთვის საკარვედ მომზადება, თუმცა მათგან მივიღეთ უარი და არც საჯარო დაპირება მოგვისმენია, რომ შეწყვეტენ ხეობის ბლოკირებას. ამით კი მედიაციის პროცესის წარმართვასა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების განხილვას ექმნება საფრთხე.

– ახლა რა ვითარებაა ხეობაში?

– როგორც უკვე მოგახსენეთ, გუმათში რკინის ჯებირები აღარ დგას. იქ მხოლოდ საპოლიციო ძალებია მობილიზებული ერთადერთი მიზეზით, რომ შეინარჩუნონ ხეობაში სიმშვიდე, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ არ მიგვიღია „რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან საჯარო პირობა, რომ პროტესტს ექნება მშვიდობიანი სახე, იმოქმედებენ კანონის ფარგლებში და შეწყვეტენ გზის ბლოკირებას.

ვფიქრობ, ყველას უნდა გვესმოდეს ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით მიმდინარე მედიაციის პროცესის მნიშვნელობა და თუ მართლაც გვსურს ხელშეკრულებისა და გარემოსდაცვითი საკითხების განხილვა, ხელი შევუწყოთ მას. ახლა მიჩნდება განცდა, რომ ხელოვნურად ხდება ამ პროცესის ხელის შეშლა და ინტერესი სულ სხვა რამაა.

წყარო: pia.ge

Leave a Reply