ჩრდილოვანი მაინინგი – აფხაზეთში კრიპტოვალუტის გამომუშავების აკრძალვა ქაღალდზე დარჩა

აკრძალვის მიუხედავად, ოკუპირებულ აფხაზეთში ბიტკოინის მაინინგის პროცესმა ძალები უფრო მეტად მოიკრიბა, რასაც რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის ზრდა ადასტურებს. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკით, მიმდინარე წლის ივნისში „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 635 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აქედან აფხაზეთმა 206 მლნ კვტ/სთ მოიხმარა, რითაც თბილისის მიერ დენის მოხმარების მონაცემს 20 მლნ კვტ/სთ-ით გადააჭრაბა.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე მიზეზად აფხაზეთში მაინინგის გააქტიურებას მიიჩნევს და ამბობს, რომ მოჩვენებითი აკრძალვა მოხდა, სინამდვილეში კი ბიზნესი ჩრდილშია გადასული, პროცესი კი უმართავია.

„წელს ჰიდროლოგია კარგი იყო, რის გამოც ივნისში ელექტროენერგიის იმპორტი არ დაგვჭირვებია. ჯერჯერობით ნორმალური სიტუაციაა, მაგრამ ისევ აფხაზეთის პრობლემაა. ივნისში 206 მლნ  კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია მოიხმარა აფხაზეთმა, მაშინ, როცა თბილისისთვის ეს მაჩვენებელი 176 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს. აფხაზეთის ფაქტორს ვერაფერს ვუხერხებთ, ამ მხრივ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. სამწუხაროდ, ვერც ვხედავ მექანიზმს, რომელიც ამ საკითხს მოაგვარებს. თითქოს სისტემა კონტროლდება, მაგრამ აფხაზური ე.წ. მილიცია 1 მაინერს თუ ამოიღებს, 2 იქვე დგება ახალი, უმართავი სიტუაციაა.  ჯამში, 100 ამოღებული მაინერის ადგილზე 200 მონტაჟდება. ეს ხდება იმიტომ, რომ ბიზნესს მფარველები ჰყავს – აფხაზეთის დღევანდელი ე.წ. მთავრობის წარმომადგენლები, ხოლო ტექნიკურ უზრუნველყოფას რუსები ახდენენ.  რთული სიტუაციაა, ახლა გვაქვს საშუალება, რომ ,,ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული დენით მოვამარაგოთ აფხაზეთი, მაგრამ მომავალი თვიდან ისევ იმპორტი დაგვჭირდება“, – აცხადებს არაბიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში.

აფხაზეთის დეფაქტო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, ორი წლის განმავლობაში, რაც მაინინგის აკრძალვა მოქმედებს, აქ 70 მლნ რუბლზე მეტი (დაახლოებით $880 000) ღირებულების მაინინგის აღჭურვილობა შეიტანეს, არაოფიციალური მონაცემებით კი – ორჯერ მეტი.

არაოფიციალური მონაცემით, მაინინგის ბრუნვა აფხაზეთში თვეში 100 მილიონ რუბლზე მეტს შეადგენს (დაახლოებით $1,25 მლნ).

რაც შეეხება ელექტროენერგიის ოფიციალურ სტატისტიკას, ესკო-ს მონაცემით, ელექტროენერგიის გამომუშავება ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მკვეთრად – 32.3%-ით 1.323 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც ივნისის ექსპორტმა 195 მლნ კვტ/სთ შეადგინა და მთელი 2020 წლის საექსპორტო მაჩვენებელს 27%-ით გადააჭარბა.

გასული წლის ივნისის მსგავსად, წელსაც თბოსადგურებს თითქმის არ უმუშავიათ. ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება 6.6 მლნ კვტ/სთ-დან 7.7 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, ჰიდროსადგურების კი 993 მლნ კვტ/სთ-დან 1.314 მლრდ კვტ სთ-მდე. ყველაზე მეტად – 75%-ით, 374 მლნ კვტ/სთ-დან 654 მლნ კვტ/სთ-მდე რეაბილიტირებული ენგურჰესის გამომუშავება გაიზარდა.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title