დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სემეკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და დასმულ კითხვებს უპასუხა.

კომიტეტმა სემეკის 2020 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

დავით ნარმანიამ ისაუბრა 2020 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ მდგომარეობასა და სემეკის სამართლებრივ რეაგირებებზე.

„2020 წლის განმავლობაში კომუნალური მომსახურებების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ თითოეული მოქალაქის საჩივარს ნებისმიერი კომუნალური კომპანიის მიმართ და თითოეულ მათგანზე გვაქვს შესაბამისი რეაგირება. მათ შორის, 2020 წლის განმავლობაში მოქალაქეებს 1 მილიონ ლარზე მეტი უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოვაწერეთ, დაგვიანებით შესრულებულ და შეუსრულებელ სერვისებზე კომპანიებს დავაკისრეთ აბონენტებისთვის კომპენსაციების გადახდა, ავამოქმედეთ ელექტრონული მომსახურებები და ა.შ. სისტემატურად ვნერგავთ თანამედროვე სტანდარტებს მომსახურებებში. ჩვენ შევძელით, რომ 2020 წელს გვეპასუხა ყველა გამოწვევისთვის და კრიზისული სიტუაციის მიუხედავად, არ შეგვეფერხებინა საქმიანობა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მიმართულებით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Leave a Reply