აზერბაიჯანი და რუსეთი ბუნებრივი აირის სეზონურ გაცვლაზე ითანამშრომლებენ

აზერბაიჯანი და რუსეთი ითანამშრომლებენ ბუნებრივი აირის სეზონური გაცვლის კუთხით. შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა სახელმწიფო კომპანია “აზერკონტრაქტსა” და “გაზპრომს” შორის.

აზრბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს აზერბაიჯანიდან რუსეთში გაზის მიწოდებას ზაფხულის სეზონზე, ხოლო ზამთრის სეზონზე ბუნებრივი აირის ანალოგიური მოცულობა გაიგზავნება რუსეთიდან აზერბაიჯანში.

მიწოდების მოცულობა დამოკიდებული იქნება აზერბაიჯანში გაზის წარმოებისა და მოხმარების დონეზე ზაფხულის თვეებში. სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) უზრუნველყოფს შეთანხმების ტექნიკურ მხარეს აზერბაიჯანული მხრიდან, პროდუქციის შესაბამისი მოცულობის მიღებისა და გაგზავნის თვალსაზრისით.

შეთანხმება მხარეებს საშუალებას მისცემს ოპტიმალურად გამოიყენონ თავიანთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურა. ქვეყანაში “ლურჯი საწვავის” წარმოების სწრაფი ზრდის ფონზე, აზერბაიჯანს შეუძლია შეინარჩუნოს გაზის დამატებითი მოცულობა ზამთრისთვის, როდესაც ქვეყნის შიგნით მოხმარების დონე მნიშვნელოვნად იზრდება.

ხელშეკრულება ძალაშია 2023 წლამდე.

სახელმწიფო საკონტრაქტო კორპორაცია “აზერკონტრაქტი” შეიქმნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 1996 წლის 17 დეკემბრის No519 ბრძანებულებით, ყოფილი მატერიალური რესურსების სამინისტროსა და ვაჭრობის სამინისტროს ბაზაზე.

2021 წლიდან “აზერკონტრაქტმა” SOCAR–ის ერთ–ერთი ფუნქციის – ბუნებრივი აირის საბითუმო შესყიდვისა და გაყიდვის შეთავსება დაიწყო. მიმდინარე წლიდან, აღნიშნული კომპანია გაზის მწარმოებელ,  გაზგამანაწილებელ და ენერგიის მწარმოებელ კომპანიებს შორის შუამვალის ფუნქციას ასრულებს.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply