სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახალი ქვესადგურების მშენებლობის პროექტს იწყებს

22 ივლისს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა უჩა უჩანეიშვილმა და კონტრაქტორი კომპანიის Mytilineos S.A (Metka) გადაცემისა და დისტრიბუციის დირექტორმა მარგარიტა არიფმა 36 მილიონი ევროს ღირებულების, ქვესადგურების მშენებლობის პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

პროექტი „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის“ (ENIP) ფარგლებში განხორციელდება და ოზურგეთსა და ლაჯანურში ახალი ქვესადგურების მშენებლობას, ხოლო „ახალციხე-500“-ში ქვესადგურის გაფართოების სამუშაოებს გულისხმობს, რომლებსაც ბერძნული კომპანია Mytilineos S.A (Metka) შეასრულებს.

პროექტის განხორციელება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს საშუალებას მისცემს, უზრუნველყოს ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა აჭარისა და გურიის რეგიონებში, გაზარდოს საექსპორტო პოტენციალი და განავითაროს ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ახალი ჰესების ინტეგრირებას საქართველოს გადამცემ ქსელში. ოზურგეთსა და ლაჯანურში ახალი ქვესადგურების მშენებლობისა და „ახალციხე-500“-ის გაფართოების სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება და დასრულდება 2023/2024 წლებში.
ENIP-ის ფარგლებში დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2026 წლის ბოლომდე დასრულდება, აშენდება და გაფართოვდება ხუთი ქვესადგური, მოეწყობა დაახლოებით 500 კმ საერთო სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი. შედეგად, საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, განავითაროს სტაბილური, საიმედო ელექტროგადამცემი სისტემა, რაც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის განვითარებას.

ENIP-ის პროგრამის ინვესტიცია მოიცავს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებას „გერმანიის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან” ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებას და „ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის“ (EU NIP) მიერ გამოყოფილ გრანტს. ENIP– ის სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 325 მილიონ ევროს შეადგენს.

Leave a Reply