ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულება რუსეთს კიდევ ერთ ინსტრუმენტს მისცემს უკრაინაზე ზეწოლისა და შანტაჟისთვის

აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებას ხელს აწერენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი და მისი კოლეგები ესტონეთიდან, ჩეხეთიდან, ირლანდიიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ლიეტუვიდან.

„ჩვენ, ჩვენი შესაბამისი ეროვნული პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, კვლავაც ვეწინააღმდეგებით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტს და სინანულით აღვნიშნავთ შეერთებული შტატებისა და გერმანიის ბოლო გადაწყვეტილებას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შესახებ, რომელიც გაზსადენის მშენებლობის დასრულების განახლებას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები აღნიშნავენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გეოპოლიტიკური პროექტია, რომელიც მიმართულია ევროპაში რუსეთის გავლენის გაფართოებაზე, ენერგეტიკულ ბაზარზე დომინირების გზით.

„გაზსადენის დასრულება გააძლიერებს რუსული გაზის გავლენას ევროპულ ენერგეტიკულ ბალანსზე, საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და უკრაინის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს. უფრო მეტიც, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულება რუსეთს კიდევ ერთ ინსტრუმენტს მისცემს უკრაინაზე ზეწოლისა და შანტაჟისთვის. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა იმუშაონ ერთად, რათა გაზარდონ სანქციები კრემლზე უკრაინაში აგრესიის შესაჩერებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

21 ივლისს, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უკრაინის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს

Leave a Reply