თურქეთში ტყის ხანძარმა თბოელექტროსადგურამდე მიაღწია, თანამშრომლები ევაკუირებული არიან

ხანძარმა თურქეთში, მუღლის პროვინციაში მდებარე თბოელექტროსადგურამდე მიაღწია, რის გამოც თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

მედიის ინფორმაციით, ტერიტორიის დატოვებამდე თბოელექტროსადგურის თანამშრომლებმა წყალბადით სავსე ავზები დაცალეს.

”ცეცხლმა კერმეკოის თბოელექტროსადგურში შეაღწია”, – განაცხადა თურქეთის ქალაქ მილასის მერმა მუჰამედ ტოკატმა. მედიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე წყლის ავზები და სახანძრო მანქანებია მობილიზებული. გატანილია ასაფეთქებელი ქიმიკატები და სხვა საშიში მასალა.

თურქეთში ტყის ხანძრებს ერთ კვირაზე მეტია ებრძვიან, დაღუპულია 8 ადამიანი, დამწვარია ტყის საფარის დიდი ნაწილი, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მინისტრის განცხადებით, თურქეთმა 167 ხანძარი წარმატებით ჩააქრო და გრძელდება ძალისხმევა დარჩენილი 16 ხანძრის ჩასაქრობად სამხრეთ-დასავლეთ თურქეთის შვიდ პროვინციაში: ადანაში, ანტალიაში, აიდინიში, დენიზლიში, ჰატაიში, ისფართასა და მუღლაში.

Leave a Reply

Menu Title