თურქეთის მთავრობა – ხანძარს თბოელექტროსადგურის მთავარი დანადგარები სერიოზულად არ დაუზიანებია

თურქეთის ტყის ხანძარს კემერკოის თბოელექტროსადგურის ძირითადი დანადგარები სერიოზულად არ დაუზიანებია.

„ობიექტზე განხორციელებული ევაკუაციის შემდგომი პირველადი მოკვლევის თანახმად, თბოელექტროსადგურის ძირითადი დანადგარები სერიოზულად არ დაზიანებულა,“- წერს კომუნიკაციების დირექტორი ფაჰრეთინ ალთუნი „ტვიტერში“.

ხანძარმა თურქეთში, მუღლის პროვინციაში მდებარე თბოელექტროსადგურამდე მიაღწია, რის გამოც რადენიმე საათის წინ თანამშრომლებისა და მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. თურქეთში ტყის ხანძრებს ერთ კვირაზე მეტია ებრძვიან, დაღუპულია 8 ადამიანი, დამწვარია ტყის საფარის დიდი ნაწილი, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.

თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მინისტრის განცხადებით, თურქეთმა 167 ხანძარი წარმატებით ჩააქრო და გრძელდება ძალისხმევა დარჩენილი 16 ხანძრის ჩასაქრობად სამხრეთ-დასავლეთ თურქეთის შვიდ პროვინციაში: ადანაში, ანტალიაში, აიდინიში, დენიზლიში, ჰატაიში, ისფართასა და მუღლაში.

Leave a Reply

Menu Title