IHA: ჰიდროენერგეტიკამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პანდემიასთან ბრძოლაში

Covid-19–მა ნათლად დაგვანახა გლობალური კრიზისების დროს ჰიდროენერგეტიკის გამძლეობა, საიმედოობა და მოქნილობა. ჰიდროელექტროსადგურების ოპერატორებმა წარმატებით შეძლეს “შეენარჩუნებინათ სინათლე” ეკონომიკის ძირითადი დარგებისთვის – იუწყება “ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო” (IHA).

კრიზისულმა სიტუაციამ განსაკუთრებით გაამძაფრა საკმარისი სიმძლავრით ნებისმიერ დროს უზრუნველყოფის  საჭიროება, რამაც ცვალებადი განახლებადი ენერგიის დარგები გარკვეული ოპერაციული გამოწვევების წინაშე დააყენა – ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.

ჰიდროელექტროსადგურების ერთ-ერთი უმთავრესი “ღირსება” – მოქნილობა, ყველაზე ნათლად გამოჩნდა 2020 წლის 5 აპრილს, ინდოეთში, როდესაც ჰიდროენერგეტიკამ გადამწყვეტი როლი ითამაშა 31 გიგავატი დატვირთვის ცვალებადობის ეფექტურად მართვაში. აღნიშნული, ალბათ, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკური ექსპერიმენტი იყო. ინდოეთის ჰიდროენერგეტიკული სისტემის ოპერატორებმა ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინეს ათობით მილიონ ოჯახს, მოთხოვნაში უზარმაზარი ვარდნის შემდეგ. ხსენებულ შემთხვევას ადგილი ჰქონდა, როდესაც ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მოუწოდა ინდოელებს, ცხრა წუთის განმავლობაში ჩაექროთ შუქი,  Covid-19–ის პანდემიის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის გამოსახატვის ნიშნად.

გარდა იმისა, რომ ჰიდროელექტროსადგურები და მათი ოპერატორები მსოფლიო მასშტაბით განაგრძობენ ადგილობრივ თემების ენერგიითა და წყლით უზრუნველყოფას, ისინი ასევე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ პანდემიასთან ბრძოლაში, სამედიცინო შემოწირულობებისა და დაუცველი ჯგუფებისთვის დახმარების გაწევის სახით – აღნიშნავენ IHA-ს ანალიტიკოსები.

უშუალოდ კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, ჰიდროენერგეტიკას, როგორც მსოფლიოში განახლებადი ელექტროენერგიის  უდიდეს წყაროს, უნიკალური შენახვისა და მოქნილობის შესაძლებლობებით,  შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშოს ცვალებადი განახლებადი წყაროების ინტეგრირებაში, სუფთა ენერგიებზე გადასვლასა და ეკონომიკის აღდგენაში.

ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს შეუძლიათ უსაფრთხოდ მოამარაგონ სუფთა წყლით სოფლის მეურნეობა, სახლები და ბიზნესი, დაეხმაროს მათ ამინდის ისეთი ექსტრემალური მოვლენების გავლენების შერბილებაში, როგორიცაა წყალდიდობა და გვალვა. მათ ასევე შეუძლიათ უზრუნველყონ ტრანსპორტირებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა, განახორციელონ ინვესტიციები სოციალურ, ტურისტულ და რეკრეაციულ პროექტებში.

IHA-ს აზრით, მსოფლიო ეკონომიკაში ჰიდროენერგეტიკის წვლილის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, სახელმწიფოების მეთაურებმა და საკანომდებლო ორგანოებმა კარგად უნდა გაიაზრონ სიტუაციის სიმწვავე და გაბედული და ამბიციური ნაბიჯები გადადგან Covid-19–ისგან დაზარალებული ეკონომიკის აღსადგენად, რომელიც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, უნდა მოიცავდეს სოლიდური ახალი ინვესტიციიების განხორციელებას ჰიდრო პროექტებში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მხრიდან.

IRENA–ს (“განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტო”) განცხადებით, იმსთვის, რომ 2050 წლისთვის წარმატებით მოხდეს “პარიზის შეთანხმების” მიზნების განხორციელება, საჭიროა დამატებით 850 გიგავატი დადგმული ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრე, რომელიც მოითხოვს 1,7 ტრილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციას. აღნიშნული ასევე იძლევა მინიმუმ 600 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობას.

ხსენებული ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების პოპულარიზაციას, დაეხმარება ეკონომიკის სტიმულირებას, დააჩქარებს განახლებად ენერგიებზე გადასვლისა და დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევას. IHA-ს აზრით, სახელმწიფოების მხრიდან აუცილებელი მხარდაჭერა შეიძლება გულისხმობდეს საგადასახადო შეღავათების ან დაბალი საპროცენტო სესხების შემოღებას, სიცოცხლისუნარიანი პროექტების დაწყებასა და ხელშეწყობას, არსებული სამთავრობო პროგრამებისთვის ვადების გახანგრძლივებასა და ჰიდროელექტროსადგურების მოქნილობის სათანადოდ კომპენსირებას.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title