ელექტროენერგიის წარმოებასთან ერთად, რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეთ ჰესებს?

ჰესებს ელექტროენერგიის წარმოებასთან ერთად, მრავალი სხვა დანიშნულებაც შეიძლება, ჰქონდეს. ნებისმიერ ჰესს, თუ მას სწორად დავგეგმავთ და ავაშენებთ, შეუძლია, მნიშვნელოვანი დამატებითი სარგებელი მოუტანოს ქვეყანას, ხალხსა და ინვესტორსაც.
ხშირად ჰესებს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან არიდების დანიშნულებაც აქვს, მაგალითად, ქალაქებისა და სოფლების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაცვა წყალმოვარდნებისგან, ღვარცოფებისა და წყალდიდობებისგან. გარდა ამისა, ჰესები გამოიყენება სარწყავი და სასმელი წყლით მომარეგებაშიც.
ხშირად ჰესები ხელს უწყობს ასევე ნაოსნობისა და ტურიზმის განვითარებას. მთელ რიგ ქვეყნებში კაშხლები ეროვნული ღირშესანიშნაობების სიაშია შეტანილი და მათზე, ისევე, როგორც სხვა ძეგლებზე, ტურისტული ტურები ეწყობა. დიდი კაშხლები უამრავ ტურისტს იზიდავს, რადგანაც შუაგულ ბუნებაში ადამიანის ხელით შექმნილი ეს ძლევამოსილი ნაგებობები საოცრად ამაღელვებელ და თვალწარმტაც სანახაობად გვევლინება.
ერთ-ერთ ასეთ ნიმუშს წარმოადგენს აშშ-ში, არიზონას და ნევადას შტატების საზღვარზე, ლას ვეგასიდან სულ რაღაც 48 კილომეტრში, ბლექ კანიონზე, მდინარე კოლორადოზე აგებული ჰუვერის კაშხალი (Hoover Dam). ბეტონის თაღოვან–გრავიტაციული კაშხლის სიმაღლე 221 მეტრია. სახელი მას პრეზიდენტ ჰერბერტ ჰუვერის პატივსაცემად შეურჩიეს, რომელმაც კაშხლის მშენებლობაში (1931–1936 წლები) დიდი წვლილი შეიტანა. 1981 წელს ჰუვერის კაშხალი ისტორიულ ძეგლთა ეროვნულ რეესტრში შეიტანეს, ხოლო 1985 წელს მას ეროვნული ღირშესანიშნაობის წოდება მიენიჭა. ჰყავს მილიონზე მეტი ტურისტი წლის განმავლობაში. მისი სიმაღლე – 221.4 მეტრია, სიგანე – 379 მეტრი;დადგმული სიმძლავრე – 2,080 მგვტ.
წყარო:  “ენერგომომავალი”

Leave a Reply