ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მშენებლობის ეტაპზე გადავიდა 9 ჰიდროელექტროსადგური (დადგმული სიმძლავრით 45.58 მგვტ. და წლიური გამომუშავებით 256.2 გვტ.სთ.) და აღნიშნულ პროექტებში 95 მლნ. აშშ. დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ენერგეტიკა დღესაც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სექტორია საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორებისთვის.
“გასული წელი კიდევ იმით იყო გამორჩეული, რომ ექსპლუატაციაში შევიდა 11 ჰიდროსადგური დადგმული სიმძლავრით – 45.88 მგვტ, წლიური გამომუშავებით – 219.77 გვტ.სთ, ინვესტიციით – 75.9 მლნ. აშშ. დოლარი“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, პანდემიის პერიოდში 46 ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე გაფორმდა ტექნიკურ – ეკონომიკური კვლევა დარგის პოტენციურ ინვესტორებთან. აღნიშნული პროექტების დადგმული სიმძლავრე – 202,55 მგვტ, ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება 1004.16 გვტ.სთ-ია. სავარაუდო ინვესტიცია კი 277 მლნ აშშ დოლარზე მეტი.
„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ არატრადიციული ენერგეტიკული სიმძლავრეების ათვისებას და მათ კომერციალიზაციას. ამ მხრივ, გამონაკლისი არც გასული წელი იყო – ამ პერიოდში ჩვენ ტექნიკურ – ეკონომიკური კვლევა ქარის ელექტროსადგურის 7 პროექტზე და მზის სადგურის 1 პროექტზე გავაფორმეთ. ქარის ენერგიის ათვისებით, მივიღებთ 7 სადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 106.6 მგვტ, სავარაუდო წლიური გამომუშავება – 413.3 გვტ.სთ, ხოლო ინვესტიცია 134 მლნ აშშ დოლარზე მეტი იქნება. რაც შეეხება მზის ელექტროსადგურს, მისი დადგმული სიმძლავრე 68 მგვტ, სავარაუდო წლიური გამომუშავება – 87.9 გვტ.სთ, ხოლო ინვესტიცია დაახლოებით 36 მლნ. ევროს შეადგენს“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
წყარო: “ბიზნეს ფორმულა”