პროგრამამ EU4Energy ახალი ბლოგი, „ქალები ენერგეტიკაში“ აამოქმედა

პროგრამამ, EU4Energy აამოქმედა ბლოგი, „ქალები ენერგეტიკაში“, სადაც ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული ქალების წარმატების ისტორიები გამოქვეყნდება. გარდა ამისა, ბლოგი მიზნად ისახავს, მეტი ახალგაზრდა ქალი მოიზიდოს ენერგეტიკის სექტორში და გააცნოს მათ ამ სფეროში მუშაობასთან დაკავშირებული უპირატესობები. 

EU4Energy-მ ბლოგის პირველ საპატიო სტუმრად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, თამარ სულუხია მიიწვია. სულუხიამ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებული სპეციალური გენდერული კვლევის შედეგებზე ისაუბრა.

გენდერული თანასწორობის ინდექსის მიხედვით, თორმეტ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში (უზბეკეთის, ტაჯიკეთის და თურქმენეთის გამოკლებით), ქალების წილი ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულთა მხოლოდ  22%-ს შეადგენს მაშინ, როდესაც გლობალურად დასაქმებულთა 48% ქალია. ნავთობისა და გაზის მრეწველობის სექტორში ქალების მხოლოდ 6%-ია აღმასრულებელი საბჭოს წევრი, აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია კი ქალების 1%-ზე ნაკლებს უკავია.

როგორც გენდერული თანასწორობის ინდექსი აჩვენებს, მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკურ (STEM) პროფესიებში ქალებსა და კაცებს შორის არსებული დისბალანსი ამ სფეროებს ინოვაციის კუთხით დიდი შესაძლებლობების მიღმა ტოვებს.

„დამტკიცებულია, რომ გენდერულად დაბალანსებული სამუშაო ჯგუფები უფრო შემოქმედებითნი არიან და უკეთეს შედეგებს უფრო ეფექტიანად და დროულად აღწევენ. ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე კომპანიებს, რომელთა მმართველობაში მინიმუმ 30% ქალია, მთლიანი მოგების უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ“, — აღნიშნავს თამარ სულუხია.

მისივე თქმით, ენერგეტიკის სექტორში ქალთა მოსაზიდად და დასასაქმებლად საჭიროა სოციალური ნორმების შეცვლა და მისაბაძი მაგალითების ჩვენება. ამასთან, სექტორში უკვე დასაქმებულ ქალთა შენარჩუნების მიზნით ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ქალებისადმი კეთილგანწყობილია, სადაც ქალებს არ ავიწროებენ, დანერგილია თანაბარი ანაზღაურების პოლიტიკა და დაცულია ჯანსაღი ბალანსი პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის.

Leave a Reply