ამერიკის ბანკი: ცივმა ზამთარმა შეიძლება ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაზარდოს

ამერიკის ბანკის (BofA) კვლევების მიხედვით, 2022 წლის შუა რიცხვებიდან შესაძლოა ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაიზარდოს.

მოხსენებას სააგენტო Reuters ავრცელებს. ექსპერტების აზრით, თუ ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო ცივი იქნება,  შეიძლება აღნიშნულმა გამოიწვიოს მოთხოვნისა და მიწოდების დეფიციტის გაზრდა.

ჩვეულებრივზე ცივმა ზამთარმა შეიძლება გაზარდოს გლობალური მოთხოვნა ნავთობზე 1–2 მილიონი ბარელით დღეში. გარდა ამისა, ზამთარში მიწოდების დეფიციტი ადვილად გადააჭარბებს 2 მილიონ ბარელს დღეში, ნათქვამია BofA-ს ანალიტიკურ კვლევებში.

ბანკმა შეინარჩუნა Brent-ის ფასების პროგნოზი 2021 წლის მეორე ნახევრისთვის – ბარელზე $ 70 ფარგლებში, თუმცა განაცხადა, რომ იგი ელოდება წლის ბოლოსთვის ღირებულების ზრდას ბარელზე $ 75-მდე.

”ჩვენ ვვარაუდობთ ზომიერ დეფიციტს მომდევნო თვეებში, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ნავთობის ფასების შენარჩუნებას წლის ბოლომდე და შემდგომაც” – წერენ BofA-ს ანალიტიკოსები.

მათი აზრით, ”რისკები მოიცავს COVID-19–ის ახალ ტალღას, ჩინეთში ვალის კრიზისსა და ირანის ნავთობის მსოფლიო ბაზარზე დაბრუნებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ცივი ზამთრის რისკი სწრაფად ხდება ენერგიის ბაზრების ყველაზე მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად.”

ნინო სამადაშვილი

 

Leave a Reply