Goldman Sachs: ზამთარში ევროპას ელექტროენერგიის სრულად გათიშვა ემუქრება

ევროპაში ენერგომატარებლებზე ღირებულების ზრდა ზამთარში ელექტროენერგიის მასიურად გათიშვის საფრთხეს ქმნის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ცივი ამინდი დროზე ადრე შეამცირებს ბუნებრივი აირის ისედაც მცირე მარაგს.

აღნიშნულს Goldman Sachs–ის ანგარიში ვკითხულობთ, რომელსაც ProFinance აქვეყნებს.

ბანკის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ გაზის მაღალმა ფასმა შეიძლება დაარეგულიროს საბაზრო ბალანსი და აღმოფხვრას ევროპაში ბუნებრივი აირის დეფიციტი, თუმცა, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო ცივი იქნება, რეგიონს მოუწევს კონკურენცია გაუწიოს აზიას გათხევადებული ბუნებრივი აირის მარაგისთვის (LNG), რაც გავლენას იქონიებს ფასების შემდგომ ზრდაზე.

გარდა ამისა, არსებობს საკმაოდ მაღალი რისკი, რომ LNG ნაკადების ევროპაში გადამისამართებაც კი ვერ შეძლებს შექმნას საკმარისი რეზერვები რეგიონისთვის ზამთრის ბოლომდე, წერენ Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, თუ ზამთარი ცივი იქნება როგორც ევროპაში, ისე აზიაში.

ცნობისთვის, ლონდონის ICE საფონდო ბირჟის მონაცემებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები დღეს ათას კუბურ მეტრზე 800 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. ოქტომბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ასევე მკვეთრად შემცირდა – 796 აშშ დოლარი ათას კუბურ მეტრზე, თუმცა ბუნებრივი აირის ღირებულება ჯერ კიდევ საგანგაშოდ მაღალი რჩება, რამაც უკვე გამოიწვია დიდ ბრიტანეთში ორი ქარხნის დახურვა.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply