ლევან ვეფხვაძე გარემოსდაცვით ვალდებულებებზე: ასივე კომპანიის დაჯარიმება მოუწევთ

კერძო სექტორი 2021 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედებულ ახალ გარემოსდაცვით რეგულაციებს ვერ ასრულებს. განმარტავენ, რომ ამის მიზეზი კანონის ტექნიკური რეგლამენტის დაგვიანებით გამოქვეყნებაა.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს, იმის გამო, რომ ტექნიკური რეგლამენტი 1-ელი იანვრის მაგივრად აპრილში გამოქვეყნდა, საწარმოებმა მოწყობილობების დამონტაჟება ვერ მოასწრეს.

„დეტექტორების დამზადებასა და ტრანსპორიტებას სჭირდება სულ მცირე 3 თვე. არაფერს ვლაპარაკობ ტექნიკურ დავალებაზე, რომელიც უნდა მიეცეთ კომპანიებს და შემდეგ უკვე მონტაჟისთვის აუცილებელი დრო. ეს იყო 6-8 თვე. თავიდან ძალიან კარგად იყო განსაზღვრული, რომ 1-ელ იანვრამდე უნდა მიეღოთ, რადგან კომპანიებს 6-7 თვეში მოესწროთ, თუმცა კანონის მიღება დაგვიანდა. ამის მიუხედავად, ვადები არ შეიცვალა და ამან გამოიწვია ეს უხერხულობა“,- განმარტავს ვეფხვაძე.

გარემოსადცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ დარღვევებს ახლა სასამართლო სწავლობს და დაჯარიმების გადაწყვეტილებაც სწორედ მასზეა.

„1-ელი ივნისის მერე აღმოჩნდა, რომ დეტექტორები ფიზიკურად არ ჰქონდათ კომპანიებს არა იმიტომ, რომ ვინმეს სურვილი არ იყო, არამედ იმიტომ, რომ ტექნიკურად შეუძლებელი იყო მათი მონტაჟი ამ ვადაში. ამის შემდეგ შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაიწყო სასამართლოსთვის გადაცემა და არა თავად დაჯარიმება. ვფიქრობ, მოსამართლეებს ექნებათ საკმარისი შესაძლებლობა, რომ ეს სარჩელები არ დააკმაყოფილოს. არ შეიძლება, ადამიანს ხვალ კანონში ჩაუწერო, რომ ხვალ უნდა გაირბინოს 100 მეტრი 7 წამში მაშინ, როდესაც ეს ფიზიკურად არ შეუძლია. დაახლოებით იგივე იყო ამ კანონპროექტის მიღება“,- განაცხადა ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე თქმით, კანონი დაახლოებით 100 კომპანიას ეხება.

„მათი 40% რუსთავშია თავმოყრილი, დანარჩენები ქვეყნის მასშტაბითაა გაბნეული. ასივე კომპანიის დაჯარიმება მოუწევთ. შეიძლება, ერთი ორმა მოასწრო ამის დამონტაჟება, რადგან წინასწარ ჰქონდა სხვა წყაროებისგან ინფორმაცია“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

Leave a Reply