ფადი ასლი: უცხოელი ინვესტორების უმეტესობა საქართველოს ნებისმიერ ფასად არიდებს თავს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი კომპანია ENKA-ს მიერ “ნამახვანჰესის” ხელშეკრულების გაწყვეტას საქართველოს მთავრობის მიერ ინვესტორების მიმართ ბოლო 9 წლის განმავლობაში მიზანმიმართული დისკრიმინაციული დამოკიდებულებით ხსნის.

მისი თქმით, ხელისუფლების ამ დამოკიდებულების გამო, ინვესტორები ქვეყანას თავს არიდებენ.

“ქვეყნის მთავარ ბიზნეს ორგანიზაციის 23-წლიანი ხელმძღვანელობის განმავლობაში, არასოდეს შევსწრებივარ იმ მასშტაბის, სიხშირის და სიმძლავრის თავდასხმებს უცხოელ ინვესტორებზე, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში ხდება, შევარდნაძის პერიოდის ყველაზე ბნელ წლებშიც კი.

ეს არ მიუთითებს მთავრობის არაკომპეტენტურობაზე ან არასწორ მენეჯმენტზე, როგორც თქვენ შეიძლება გგონიათ, არამედ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, იმისათვის, რომ უცხოელი ინვესტორები და დასავლეთი არ იყოს წარმოდგენილი ქვეყანაში”,- აღნიშნავს საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი.

ფადი ასლის თქმით, ბიზნესმენები მთელ რიგ პრობლემებზე მიუთითებენ. მათ შორის, ნაწილს ბინადრობის უფლება ჩამოერთვათ ან არ გაუგრძელდა, ზოგს სახელმწიფო სტრუქტურები ავიწროებენ. ისინი ხშირად სამართალს ვერც სასამართლოს გზით პოულობენ. ამის გამო ინვესტორები ქვეყანას ტოვებენ და მათი ინვესტიციებიც მათთან ერთად ქრება.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply