„ენკასთან” კონსულტაციების ფარგლებში როგორი იქნება მხარეების დამოკიდებულება, ამის მიხედვით გადაწყდება, რა ბედი ელის ხელშეკრულებას

„ენკასთან” კონსულტაციები უნდა გაიმართოს – კონსულტაციების ფარგლებში როგორი იქნება მხარეების დამოკიდებულება, ამის მიხედვით გადაწყდება, რა ბედი ელის ხელშეკრულებას, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, როგორი იქნება კონსულტაციების შედეგი, ამას ვერ ივარაუდებს, თუმცა, ჰიპოთეტურად შესაძლებელია, ხელშეკრულება შეიცვალოს, თუმცა, შესაძლებელია ისიც, რომ კვლავ ძალაში დარჩეს ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილებაც.

“რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, გაცხადდა სურვილის შესახებ, რომ ერთი თვის შემდეგ მოხდება ხელშეკრულებიდან გასვლა. წინასწარი გაფრთხილება იმას ნიშნავს, რომ კონსულტაციები უნდა გაიმართოს, უნდა გავარკვიოთ მიზეზები, ამაში ჩართული იქნება ეკონომიკის სამინისტრო. ვფიქრობ, ამ პერიოდში გამოიკვეთება, რა არის სწორი და რა არა. ხელშეკრულებას ისეთი მოცემულობა აქვს შექმნილი, რაზეც ვისურვებდით, რომ ცოტა განსხვავებული ყოფილიყო მოცემულობა. განსაკუთრებით იმას ვგულისხმობ, რომ საზოგადოებასთან მცირე დოზით წარმართული კომუნიკაცია აუცილებლად გამოსასწორებელია. დისკუსია გვმართებს იმ ფაქტორებზეც, რაც ინვესტორისთვის ხელისშემშლელი შეიძლება იყოს. ასევე გამოითქვა წუხილი, რომ ეს შეიძლება კარგად არ აისახოს ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე, ესეც რეალობაა და ეს ყველა ის ფაქტორია, რომელიც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული კონსულტაციების პროცესში. მე ვერ მივცემ თავს უფლებას, თუნდაც, ვარაუდის დონეზე გესაუბროთ, როგორ წარიმართება მოვლენები. კონსულტაციების ფარგლებში როგორი იქნება მხარეების დამოკიდებულება, ამის მიხედვით გადაწყდება, რა ბედი ელის ხელშეკრულებას. ჰიპოთეტურად და არა ჩემი ვარაუდის დონეზე გიხსნით, რომ შეიძლება, ხელშეკრულების პირობები შეიცვალოს, ან ძალაში დარჩეს ხელშეკრულების მოშლის გადაწყვეტილება. ვერსიების სიმრავლეა და პრეფერენციების გაკეთება არ შეიძლება,”- განაცხადა სარჯველაძემ.

წყარო: bpn

Leave a Reply