პეტრე მამრაძე: საქართველოში ჰესების მშენებლობას ენერგომაფია და რუსი ოლიგარქები ბლოკავენ

არსებობს მოსაზრება, რომ ,,ნამახვანჰესის“ პროექტის ჩავარდნა დიდწილად გარე ძალების უხეში ჩარევით არის გამოწვეული. ამას იზიარებს საქართველოს მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე, რომელიც „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ქვეყანაში ჰესების მშენებლობას ენერგომაფია ბლოკავს. მისივე თქმით, ეს ჯგუფი ელექტროენერგიის იმპორტით გამოუმუშავებს დიდ მოგებას და კავშირშია რუსეთის და სხვა ქვეყნების ოლიგარქებთან. შესაბამისად, მამრაძის აზრით, მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის მიმართ აგორებული პროტესტი შესაძლოა გარედან იმართებოდეს.

,,საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, როდესაც საქართველოს ენერგეტიკოსებმა, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად დაადგინეს, რომ საქართველო უმდიდრესია მსოფლიოში ენერგეტიკული პოტენციალით და გვაქვს შესაძლებლობა, ჰიდრორესურსების  სიდიდით მეორე ადგფილზე აღმოვჩნდეთ ნორვეგიის შემდეგ, ამ მიზანს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნითაც. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ვხედავთ, რომ ქვეყანა ელეტროენერგიის იმპორტში მილიარდებს ხარჯავს, ასევე გაზის, მაზუთის და სხვა ენერგოპროდუქტების შესასყიდლად და ამ დროს უდიდეს პოტენციალს ვერ იყენებს. დიდი მცდელობის მიუხედავად, ახალი ჰესების აშენების პრაქტიკულად ყველა მცდელობა დაიბლოკა, პროექტების 85%-ზე მეტი გაჩერდა  სწორედ პროტესტების ფონზე. ჯერ კიდევ, როდესაც ვიყავი სახელკმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კანცელარიის უფროსი, მუსირებდა აზრი, რომ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ზურგს უმაგრებდნენ სწორედ ის ქართველები, რომლებიც ხელს ითბობენ ელექტრორესურსის იმპორტით და დიდ სარგებელს იღებენ. მუშაობს ენერგომაფია, რომელიც შეკრულია იმ  უცხო ქვეყნებთან, საიდანაც საქართველო  ელექტროენერგიას ყიდულობს, ძირითადად ეს არის რუსეთი. ყოველთვის მოიძებნება სხვადასხვა გზა, რითაც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ  საპროტესტო აქციები ფინანსდება. ეს დადასტურდა კიდეც, როდესაც გოლეთიანმა ღიად განაცხადა: ,,ჩვენ გვაფინასნებენ ემიგრანტები“.  არა მარტო რუსეთი, აქტიურობენ სხვა ქვეყნების ოლიგარქებიც, საიდანაც დენს ვყიდულობთ, ნებისმიერი შეიძლება იყოს ასეთი. მსგავსი ფაქტების შესახებ მომისმენია შევარდნაძის დროსაც,  უშიშროების საბჭოს სხდომებზე, მაგრამ ვერც ერთხელ ეს ვარაუდი ოფიციალურ დონეზე ვერ დადასტურდა. საჭიროა დოკუმენტები და  სერიოზული გამოძიება“, – უთხრა „კომერსანტს“ პეტრე მამრაძემ.

სწორედ ამ გარემოებას მიიჩნევს მამრაძე მთავარ ფაქტორად, რის გამოც საქართველოს მსხვილ ენერგეტიკოლ პროექტებში ჩავარდნა აქვს.  როგორც უშიშროების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი ,,კომერსანტთან“ ამბობს, იმდენად მძლავრი და ძლიერია გარე დახმარება, რომ საქართველოს ძალოვანმა სისტემამ, მათ შორის სუს-მა და შსს-მ პრაქტიკულად ვერ გაუწია წინააღმდეგობა. ამასობაში კი ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება მილიარდობით დოლარით იზრდება და ეკონომიკურად ვერ განვითარდა საქართველო.

,,მძიმე მდგომარეობაში ვართ, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის შემდეგაც ვერ დაიწყო ჰესების მშენებლობა, ვერც ერთი პროექტი ვერ დაიძრა, რომელიც გადაარჩენდა საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს. კოლოსალური ვალი გვაქვს დაგროვილი  საგარეო ვაჭრობაში დისბალანსის გამო,  ყოველწლიურად მატულობს და მუდმივად გვიწევს ახალი ვალის აღება. ქვეყანაში რეალური ინვესტორი  რომ შემოსულიყო  და აეშენებინათ ჰესები, ჩვენ არ დაგვჭირდებოდა ელექტროენერგიის და შესაბამისი საწვავის შეძენა თბოელექტროსადგურების ასამუშავებლად. თუმცა მავნებლობას აქვს ადგილი, დიდ საბოტაჟს  და ეს აიხსნება კონკრეტული მიზეზით, რომ რიგ სუბიექტებს არ სურთ ჰესების მშენებლობა, მათ შორის არიან რუსი ოლიგარქები,  რომლების ენერგეტიკის სექტორში საქმიანობენ და ქართველ კოლეგებთან ერთად იყოფენ ფულს. დიდი ფინანსური ინტერესებია, საქართველო იმდენად სუსტია პოლიტიკურად, ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვთ  და ახლა მხოლოდ ფულის კეთების ინტერესია დარჩენილი. ,,ნამახვანიც“, სავარაუდოდ, ამის გაგრძელებაა“, – აცხადებს პეტრე მამრაძე.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც უშიშროების საბჭოს ყოფილი უფროსი აქცენტს აკეთებს, მთავრობის ეკონომიკური გუნდის საქმიანოაბს უკავშირდება. ასახელებს მიზეზებს, რის გამოც ქვეყანამ ვერ შეძლო მეგაპროექტის განხორციელება. თუმცა, როგორც მამრაძე ამბობს, რა დოენზეც არ უნდა გაეწიათ სააგიტაციო სამუშაოები, საეჭვოა, ამით შედეგისთვის მიეღწიათ.

ასეთ ფონზე ფაქტობრივად ღიად რჩება ,,ნამახვანის“ პროექტი, რადგან, როგორც პეტრე მამრაძე ვარაუდობს, არსებულ სიტუაციაში ვერც ერთი ინვესტორი ვერ გაბედავს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე შემოსვლას და მსხვილ ინვესტირებას, როგორც ეს თავის დროზე ,,ენკამ“ გაბედა და გააკეთა.

,,ნამახვანის“ გარშემო უამრავ ჭორ-მართალი ვრცელდება. ზოგი ამბობს, რომ  ცუდი კონტრაქტი იყო, ზოგიც, რომ ინვესტორებს დიდ უფლებებს ვაძლევდით. მე, როგორც პროფესიონალი  ფიზიკოსი, უპირატესობას ვანიჭებ მხოლოდ კომპლექსურ ღონისძიებას, რომელსაც პროფესიონალებისგან შემდგარი კომისია  შეიმუშავებს. მასში აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული ენერგეტიკოსები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს სფეროს სპეციალისტები და სხვები. მხოლოდ ასეთ მრავალრიცხოვან კომისიას შეუძლია დადოს დასკვნა კონტრაქტზე, ცალკეული ადამიანი, როგორი ბუმბერაზიც არ უნდა იყოს, ამას მარტო ვერ აუვა. მეორე საკითხია: ყოფილა ამ წლებში უკეთესი შემოთავაზება რომელიმე ინვესტორისგან, გარდა თურქებისა, როცა თბილისის სიახლოვეს  რუსების ტანკები დგანან და სააკაშვილის შემოყვანილი რუსი ენერგოკომპანიები მოდებული არიან  მთელ სექტორში. თურქეთი ამას გაბედავს! როდესაც აქტიური პროტესტი იყო, თურქეთის ელჩმა საკმაოდ ამომწურავი და ყველასთვის გასაგები განცხადება გააკეთა. ის წერდა, რომ  ოპონენტების მიერ დასმულ კრიტიკულ კითხვებს ყოველთვის პასუხობდა ინვესტორიო, რის შემდეგაც ისევ ახალი კითხვა ისმეოდა. ჩანდა ის, რომ ადამიანებს არ ჰქონდათ კონკრეტული კრიტიკული დამოკიდებულება, არამედ პრინციპი, რომ ჰესის მშენებლობა  შეაჩერონ“, – აცხადებს მამრაძე და დასძენს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ თურქი ინვესტორი საქმიდან გავიდა მაშინ, როცა პროტესტი შესუსტებული იყო.

,,გააქციეს ინვესტორი და შეუქმნეს პირობები უარი ეთქვა პროექტისთვის. ესეც საშიშია, მან რაღაც მომენტში არ მოინდომა განხორციელება და ურჩევნია, სუფთად წაიღოს 200 მლნ დოლარი (ან მეტი, რის გადახდაც სავარაუდოდ ქართულ მხარეს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო დაეკისრება) და გავიდეს ამ საქმიდან ისე, რომ რეალურად არაფერი დახარჯოს“, – დასძენს პეტრე მამრაძე.

ცნობისთვის, 22 სექტემბერს ქართული მხარისთვის ცნობილი გახდა, რომ,  ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს და  $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში განიმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ რიონის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგებოდა.  აქტიური პროტესტი კი  დაახლოებით ნახევარი წელი მიმდინარეობდა.

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში უნდა აშენებულიყო. პროექტის მიხედვით, კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი იქნება. მათი საერთო სიმძლავრე 433 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება – 1496 გგვტ.სთ. ნამახვან-ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2025-2026 წელი იყო მითითებული.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply