კლიმატის ცვლილების გამო, დედამიწა თანდათან „ბნელდება“

მკვლევართა დასკვნით, დედამიწა თანდათან ბნელდება და ამაში დამნაშავე კლიმატის ცვლილებაა. ოკეანე თბება და უფრო ნაკლებ კაშკაშა ღრუბლებს წარმოქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ უკან, კოსმოსში უფრო ნაკლები სინათლე აირეკლება, რაც პლანეტას კიდევ უფრო ათბობს.

გაზომვებმა აჩვენა, რომ დედამიწა ახლა დაახლოებით ნახევარი ვატით ნაკლებ სინათლეს აირეკლავს ყოველ კვადრატულ მეტრზე, ვიდრე 1998 წელს, რაც პლანეტის არეკვლის მაჩვენებლის 0,5-პროცენტიან კლებას ნიშნავს. საერთო ჯამში, დედამიწა მასთან მოღწეული სინათლის დაახლოებით 30 პროცენტს აირეკლავს.

„ალბედოს კლება ჩვენთვის ნამდვილი მოულოდნელობა იყო, რაც მონაცემთა ანალიზისას, 17-წლიანი სტაბილური მაჩვენებლის შემდეგ, ბოლო სამი წლის მონაცემებში შევნიშნეთ“, — ამბობს ნიუ-ჯერსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკოსი ფილიპ გუდი.

დედამიწის სიკაშკაშე დამოკიდებულია როგორც მასთან მოღწეულ მზის სინათლეზე, ისე პლანეტის არეკვლისუნარიანობაზე. როგორც ამ კვლევამ აჩვენა, ეს ორი ფაქტორი ტანდემში არ არის და შესაბამისად, დედამიწაზე რაღაც იწვევს ჩაბნელებას, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში.

და როგორც ჩანს, ეს კლიმატის ცვლილებასთან არის კავშირში. იმავე ზონაში, სადაც კაშკაშა ღრუბლების რაოდენობა იკლებს, მაღლა იწევს ოკეანის ზედაპირის ტემპერატურა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ არის კლიმატური მდგომარეობა, რომელსაც წყნარი ოკეანის დეკადურ რხევას უწოდებენ.

„დედამიწის ალბედო მისი კლიმატის უმთავრესი განმსაზღვრელია, რადგან ფართო გაგებით, კლიმატში ცვლილებები ჩნდება მზის ინტენსივობის ევოლუციის, დედამიწის ალბედოს და სათბურის აირების გამოცალკევების პარალელურად“, — წერენ მკვლევრები.

დედამიწის სიკაშკაშეც მონაცემები კალიფორნიაში მდებარე ბიგ-ბეარის მზის ობსერვატორიიდან აიღეს, ჯამში დაახლოებით 1500 ღამის. დედამიწის სიკაშკაშის მონაცემები უკვე თითქმის 100 წელია აღირიცხება და პირველად ის ლეონარდო და ვინჩიმ აღწერა მე-16 საუკუნეში.

ამჯერად, უახლოეს წლებში, მეცნიერებს უფრო ყოვლისმომცველი კვლევის ჩატარება სურთ. არსებობდა იმედი, რომ გათბობასთან ერთად შეიძლება გაზრდილიყო პლანეტის ალბედო (არეკვლის მაჩვენებელი) და შესაბამისად, გათბობა გარკვეულწილად შემცირებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი პირიქით ხდება.

„თვიური ან წლიური საშუალო მაჩვენებლების მისაღებად გამოვიყენეთ მონაცემთა ხარისხის მკაცრი სტანდარტები. მაჩვენებლები მნიშვნელოვნად იცვლება თვიურ, წლიურ და დეკადურ მასშტაბებში. არეკვლა თანდათანობით შემცირებულია ბოლო ორ ათწლეულში, ბოლო წლებში კი განსაკუთრებით სწრაფად“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

#1tvმეცნიერება

Leave a Reply