McDonald’s-ი 2050 წლისათვის ნულოვანი გამონაბოლქვის სისტემაზე გადავა

McDonald’s Corp-მა ორშაბათს 2050 წლისათვის სასათბურე აირების გამოყოფის სრულად შეწყვეტა დააანონსა. კომპანია ამ დროისათვის ნულოვანი გამონაბოლქვის სისტემას მის ყველა პროდუქტზე გაავრცელებს – დაწყებული ძროხის ხორცით მათ ბურგერებში, რესტორნის ნათურებით დამთავრებული.

გარდა ამისა, რესტორნების ქსელმა აღნიშნა, რომ საკუთარი კლიმატური მიზნების დასახვეწად ამჟამად აქტიურად მუშაობს Science based Target initiative-თან. როგორც ჩანს, კომპანია მიზნად ისახავს 2030 წლისათვის დაახლოებით მესამედით შეამციროს გამონაბოლქვი მის მომწოდებელ კომპანიებში. ეს რიცხვი კი დაახლოებით 40,000 კომპანიას უტოლდება, რაც აღნიშნულ მიზანს რთულად განსახორციელებელს ხდის.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ერების მეცნიერების მტკიცებით, 2050 წლისათვის მსოფლიო ტემპერატურის მატების შესაზღუდად, დედამიწაზე გამონაბოლქვის გამოყოფა ნულს უნდა გაუტოლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტემპერატურა ინდუსტრიამდელ პერიოდზე მეტად მოიმატებს, რაც სავალალო შედეგებს გამოიწვევს.

ნულოვანი გამონაბოლქვის სისტემა კი კომპანიებისაგან ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას მოითხოვს. გაეროსა და SBTi-ის ეგიდით უკვე 1000 კომპანია შეუერთდა აღნიშნული მიზნის განხორციელების აქტს.

შეგახსენებთ, რომ McDonald’s-ი მსოფლიოში ძროხის ხორცის ყველაზე დიდი შემძენია. კომპანიის მთლიანი გამონაბოლქვის დაახლოებით 80% სწორედ მის მიწოდების ჯაჭვზე მოდის, კონკრეტულად კი ძროხის ხორცის, ქათმის, რძის პროდუქტისა და სხვა პროტეინების მიწოდებაზე. ახალი გაიდლაინი კი სოფლის მეურნეობის, მიწის გამოყენებისა და ტყის რესურსის ათვისების ახალ პოლიტიკას გულისხმობს.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply