გიორგი ფანგანი: „ჭკვიანი მრიცხველებით“ ელექტროენერგიის მოხმარების დისტანციურად კონტროლი და ხარჯების დაზოგვაა შესაძლებელი

რეგულაციის მიხედვით, ახალი კორპუსები, რომლებიც 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან შევა ექსპლოატაციაში ელექტროენერგიის აღმრიცხველი „ჭკვიანი მრიცხველებით“ აღიჭურვება.

როგორ შეგვიძლია ჩვენი ბიუჯეტის დაზოგვა და რა არის ჭკვიანი მრიცხველი, ამ საკითხზე „იმედის დილაში“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრმა გიორგი ფანგანმა ილაპარაკა.

„ეს ისეთივე მრიცხველია, როგორც ნებისმიერი სხვა და მისი ძირითადი ფუნქციაა ელექტროენერგიის აღრიცხვა. ამის იქით მრიცხველს აქვს ბევრი ოფცია. მათ შორის მრიცხველს მონაცემების გადაცემა დისტანციურად შეუძლია. საუბარია იმ მონაცემებზე, რომელსაც ის კითხულობს „ტვინინგის ცენტრში“ სადაც ეს მონაცემები აღირიცხება და იწერება. ამასთან მრიცხველს აქვს ელექტროენერგიის შეზღუდვის და ჩართვის ფუნქცია. ასევე აქვს ავარიების აღრიცხვის ფუნქცია, რაც ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან დაბალ ძაბვაზე ავარიების აღრიცხვა არაა მოწესრიგებული ისე, როგორც ჩვენ გვინდა იყოს, როცა მაღალი სტანდარტები გვაქვს დადგენილი. მრიცხველი იმითაა განსხვავებული, რომ მომხმარებელს შეუძლია დისტანციურად აკონტროლოს ელექტროენერგიის მოხმარება. ვმუშაობთ იმაზეც, რომ ყველა მომხმარებელს თავისი საიდენტიფიკაციო მონაცემები ჰქონდეს და შეძლოს სახლიდან გაუსვლელად ონლაინ რეჟიმში ნახოს ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი“, – განაცხადა ფანგანმა.

მისი თქმით, ამ მრიცხველების დანერგვა საქართველოს ენერგობაზარზე მნიშვნელოვანია, რადგან აბონენტებმა მომავალში დღის და და ღამის ტარიფებით სარგებლობა შეძლონ, რაც ელექტროენერგიის მოხმარების დაზოგვას გამოიწვევს. „ღამის და დღის ტარიფებზე გადასასვლელად რეფორმას რამდენიმე წელი დასჭირდება. როცა ეს განხორციელდება, ელექტროენერგიაზე სხვა და სხვა პერიოდში განსხვავებული საფასურები გვექნება. მაგალითად დღე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მაღალია, პიკებია და როცა მოთხოვნა მაღალია, ფასიც მაღალია. ღამის საათებში ელექტროენერგიის ფასი მთელ მსოფლიოში უფრო დაბალია, რადგან მოხმარება და მოთხოვნაც ნაკლები. აქედან გამომდინარეა ფასებიც განსხვავებული. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ და იურიდიული პირებისთვის ეს მალე დაიწყება. 2022 წლის მარტიდან ველოდებით ენერგეტიკული ბირჟის გაშვებას. იურიდიული პირები გადავლენ ამ მოდელზე. მალე რეგულაციაში ფიზიკური პირებიც მოექცევიან“, – აღნიშნა ფანგანმა.

Leave a Reply