საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა

მსოფლიოში ნავთობის ფასი ზრდის ტენდენციას ავლენს. მიმდინარე წელს ერთი ბარელი ნავთობის ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა, უფრო კონკრეტულად, ერთი ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულებამ 84 დოლარს გადააჭარბა, რაც უკანასკნელი სამი წლის რეკორდული მაჩვენებელია. გლობალურ ბარზებზე ნავთობის ღირებულების ზრდის პარალელურად, საქართველოში საწვავის ფასმა ისევ მოიმატა.

სტატისტიკის მიხედვით, გასული ერთი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავზე ფასები საშუალოდ 4.7%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება კონკრეტულად საწვავის ტიპებს – ერთ თვეში Regular 92 ტიპის ბენზინზე ფასი 1.8%- ით გაიზარდა და საშუალოდ 2,82 ლარი შეადგინა. Super-ის ფასი 4.94%-ით გაიზარდა და საშუალო ღირებულებამ დაახლოებით, 3,1 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, 4.18%-ით გაიზარდა Premium-ის ტიპის ბენზინი და მისი საშუალო ღირებულება ბაზარზე 3,17 ლარი გახდა. ხოლო დიზელის ტიპის საწვავზე ერთ თვეში ფასები 5.03%-ით გაიზარდა და ერთი ლიტრის ღირებულებამ საშუალოდ 2,89 ლარი შეადგინა.

აქვე ყურადსაღებია ისიც, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში თხევადი გაზის (LPG) ფასი ქვეყანაში ყველაზე სწრაფი ტემპით, 7.57%-ით გაიზარდა და საშუალო ფასმა 1,9 ლარი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წლიური ჭრილში სურათი გაცილებით მძიმეა იმდენად, რამდენადაც ფასების დონის პროცენტული ზრდის ტემპი გაცილებით მაღალი და თვალშისაცემია. კერძოდ, გასული ერთი წლის განმავლობაში საწვავის ფასის საშუალო ზრდამ ქვეყანაში დაახლოებით, 46% შეადგინა.

წყარო: bpn

Leave a Reply