გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თანამედროვე სტანდარტების 89 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური შეიძინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, კლიმატის მწვანე ფონდისა (Green Climate Fund) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტების 89 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური შეიძინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სადგურები უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურისა და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარისა და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვასა და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას.

ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები და საგუშაგოები საქართველოს მასშტაბით, სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიებზე 2023 წლის ბოლომდე დამონტაჟდება. 89 ერთეული ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის ღირებულება 4 296 873 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს დასრულდება გარემოს ეროვნული სააგენტოს საკალიბრაციო ლაბორატორიის მშენებლობა, რომელიც აღიჭურვება აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეძენილი თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით. ლაბორატორია მომსახურებას გაუწევს ახალი, თანამედროვე სტანდარტების სადგურების შეუფერხებლად მუშაობას.

Leave a Reply