ლახამი ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე 3000 ნერგი დაირგო

„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” ინფორმაციით, 3000 ცალი ქართული მუხისა და ნეკერჩხლის ნერგი დაირგო ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე სვანეთში, ლახამი ჰესის საპროექტო ტერიტორიის სამ მონაკვეთზე, კერძოდ, ზედა წყალმიმღებთან, ჰესის შენობასთან და ასევე ადგილზე, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა.

ტყის განაშენიანების ინიციატივა ლახამის ჰიდროელექტროსადგურის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მართვის დეპარტამენტის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა. შერჩეული ტერიტორიის განაშენიანება კი ლახამი ჰესის ინვესტორის კეთილი ნება და გარემოზე ზრუნვის აქტია.

„ლახამი ჰესი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის CCEH-ის პორტფელში არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც სოფელ ლახამში მდებარეობს (მესტიის მუნიციპალიტეტი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი). ლახამის ჰიდროელექტროსადგური მცირე ზომის, მდინარის მოდინებაზე არსებული კასკადური ტიპის ჰესია. მისი ჯამური დადგმული სიმძლავრე 15.9 მეგავატია, წლიური გამომუშავება კი 87 მილიონი კილოვატსაათი. ლახამი 1 და ლახამი 2 ჰესების პროექტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. ოპერირებაში კი, 2019 წელს გაეშვა. ლახამი ჰესის განმავითარებელი კომპანიაა შპს ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი, რომლის თანადამფუძნებლები არიან სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო III, შპს ჯეო ჰიდრო კაპიტალ გრუპი და შპს “ენერჯი სოლუშენს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც კომპანია CCEH – ის დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ აღნიშნა, CCEH-ის გუნდი ზრუნავს ბუნებაზე და რეგიონის განვითარებაზე.

„ჩვენ, CCEH-ის გუნდი, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ფარგლებში, პირველ რიგში, ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებაზე და იმ რეგიონის განვითარებაზე, სადაც ჩვენი პროექტებით შევდივართ. გვჯერა, რომ დასავლურ ინვესტიცია, მხოლოდ ერთჯერადად დახარჯული თანხა არ არის, არამედ ამ ინვესტიციას მოაქვს რეგიონში სათანადო განათლება, ცნობიერების გაზრდა და გარემოზე ზრუნვის სხვადასხვა მცირე თუ მსხვილი ინიციატივა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა დღეს. ნერგების დარგვა და მათი შემდგომი მოვლა ის საქმეა, რომელსაც უდიდესი ენთუზიაზმით ვაკეთებთ და გავაკეთებთ, ჩემს თანამშრომლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად“ , – განაცხადა მიხეილ ნიბლაძემ.

მათივე ცნობით, გამწვანების აქციაზე, ლახამი ჰესის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მოწვეული სტუმრები, რომლებიც არასამთავრობო სექტორს, ბიზნესსა და მედიას წარმოადგენდნენ. ხეების დარგვის აქციის შემდეგ, სტუმრებმა ლახამი ჰესის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და გაეცნენ ჰესის მუშაობის თავისებურებებს, დაათვალიერეს ჰიდროელექტროსადგურის თევზსავალი, რომლის მუშაობის პრინციპებიც მათ გარემოსდაცვის და სოციალური პროექტების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გააცნეს. ასევე, გაეცნენ ლახამში განხორციელებულ სოციალურ პროექტებს, რომლებიც კომპანიამ მაღალი პასუხისმგებლობით და იმ სტანდარტების მიხედვით განახორციელა, რომელსაც ინვესტორი უწესებს თითოეულ პროექტს.

Leave a Reply