ავტომწარმოებლები ელექტრომობილების განვითარებაზე ნახევარ ტრილიონ დოლარს დახარჯავენ

„როიტერის“ მიერ ჩატარებული ანალიზი აჩვენებს, რომ მსოფლიოს ავტომწარმოებლები, ელექტრომობილების და მათი შესაბამისი ინფრასტრუქტურის, მათ შორის, აკუმულატორების წარმოებისთვის, 2030 წლამდე ჯამში დაახლოებით 500 მილიარდ დოლარს დახარჯავენ.

„როიტერის“ მიერ, სამი წლის წინათ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ იმავე პერიოდში, კომპანიები ელექტრომობილების და შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარებისთვის, 300 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავდნენ.

გამოცემის მიერ შესწავლილი სხვადასხვა ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ მომდევნო 5-10 წელიწადში, ავტოკომპანიები ელექტრომობილების ტექნოლოგიების განვითარებას, 515 მილიარდ დოლარს მოახმარენ. ამის პარალელურად, სულ უფრო მეტი ქვეყანა ზღუდავს და კრძალავს შიდაწვის ძრავით აღჭურვილი ახალი ავტომობილების გაყიდვებს.

ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა სინგაპური და შვედეთი, შიდაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვების აკრძალვას 2030 წლამდე გეგმავენ. ნორვეგიაში წლიური გაყიდვების მოცულობაში, ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებზე უკვე ნახევარზე მეტი მოდის. აშშ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ 2030 წლისთვის ქვეყანაში გაყიდული ახალი ავტომობილების 40-50 პროცენტი ელექტრომობილი იყოს.

ამ დროისთვის, ამერიკული კომპანია „ტესლა“, რომელიც მხოლოდ ელექტრომობილებს აწარმოებს, მის მიერ გამოშვებულ ელექტრომობილებს სრულად ყიდის. კომპანია მალე ბერლინში და ოსტინში (შტატი ტექსასი) ახალ გიგაფაბრიკებს აამუშავებს, რისთვისაც მრავალ მილიარდიანი ინვესტიციები აქვს გამოყოფილი.

წარმოების სწრაფი ზრდის და ახალი პროექტების ამოქმედების ფონზე, „ტესლას“ კაპიტალიზაციამ ახლახანს 1.2 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ეს კი ორჯერ მეტია, ვიდრე „ფოლკსვაგენის“, „ტოიოტას“, „ფორდის“ და „ჯენერალ მოტორსის“ ჯამური კაპიტალიზაცია. ამ მაჩვენებლით, ევროპაში „ფოლკსვაგენის“ ჯგუფი ლიდერობს, რომლის კაპიტალიზაცია „მხოლოდ“ 110 მილიარდი დოლარია.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title