"გაზპრომთან" შეხვედრები ბუნებრივი პროცესია იმიტომ, რომ ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ

“გაზპრომთან” შეხვედრები ბუნებრივი პროცესია იმიტომ, რომ ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ

პრეზიდენტი მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს, რომელზეც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე უნდა იმსჯელონ. პრეზიდენტს მთავრობიდან პასუხი, ჯერჯერობით, არ მიუღია.

რატომ დგას დღის წესრიგში ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხი, არ ესმის ენერგეტიკის მინისტრს. ყველაფერი კი კალაძის გაზპრომის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ამ საკითხზე გადაცემა 2030-ში ენერგეტიკის ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე საუბრობს

ოპოზიციაც და ექსპერტთა ნაწილიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე საუბრობს. თუმცა ვიდრე ამ საფრთხეებს განვიხილავდეთ, თუ გაქვთ ინფორმაცია, ვის მფლობელობაშია ენერგო ობიექტები და რა ვითარებაა ამ მიმართულებით?

ჩვენს ენერგეტიკულ ბაზარზე მასობრივად რუსული კაპიტალია წარმოდგენილია, გაზის ბაზარზე კი აზერბაუჯანული კაპიტალი.

როგორ ხდებოდა ენერგო ობიექტების გადასვლა რუსული კომპანიების მფლობელობაში?

როდესაც ეს პროცესი მიმდინარეობდა, მე აქ დიდ გაურკვევლობებს ვერ ვხედავდი. დასავლური კაპიტალი, ევროპიდან და ამერიკიდან, ჩვენი ობიექტებით არ ინტერესდებოდა. ჩვენი ობიექტების მიმართ რეაულური ინტერესი ჩვენი მეზობლების მხრიდან იყო. აქედან გამომდინარე, არჩევანიც არ იყო დიდი და პრივატიზებაც ისე მოხდა, როგორც შემოთავაზება იყო. მე შემიძლია გითხრათ, რომ 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ოფიციალურად მადლობა გადაუხადა რუსულ კომპანიებს იმისთვის, რომ ისინი ეკონომიკური საქმიანობის არეალიდან არ გამოსულან და პოლიტიკურ სივრცეში არ გადასულან. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრობლემა არ შექმნილა.

რა არის იმის მიზეზი, რომ დასავლური მხარე ნაკლებად არის დაინტერესებული ჩვენი ობიექტებით და ინტერესს მხოლოდ რუსული მხარე გამოთქვამს ?

ჩვენ პატარა ბაზარი ვართ, ამიტომ დასავლური მსხვილი ენერგოკომპანიები ჩვენი ბაზრით არ ინტერესდებიან. ენერგეტიკის მინისტრის გაზპრომის წარმომადგენლობასთან შეხვედრა არის ბუნებრივი და ასე იქნება მანამ, სანამ საქართველო არის რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტორი ქვეყანა. ჩვენ მყარი კონტრაქტი გვაქვს აზერბაიჯანთან, რომელიც მინისტრ ხეთაგურის დროს დაიდო, მასში ცვლილებები არ არის და არც გადასინჯვა ემუქრება.

საზოგადოების ნაწილის და ექსპერტების მხრიდან, გაზპრომთან მიმართებითაც ისმის კითხვები. როგორ შეიძლება შეფასდეს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა იგივე რუსულ კომპანიებთან?

ეს ბუნებრივი პროცესია დინამიკაში. ასეთი შეხვედრები წინა ხელისუფლების დროსაც ხდებოდა და სამომავლოდაც გაგრძელდება. ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ და ეს ბუნებრივია.

რამდენად საჭიროებს დღეს ქვეყანა გაზის სექტორში დივერსიფიცირებას?

ასოცირების ხელშეკრულებით, პირდაპირ გვევალება კონკურენტული ბაზრის შექმნა და ერთი მომწოდებლის პირობებში, ასეთ ბაზარს ვერაფრით შევქმნით. ჩვენი გაზის ბაზრის 80% უკავია სოკარს. ეს არის მყარი შესყიდვის კონტრაქტი. თუ დივერსიფიცირებას გავაკეთებთ, მხოლოდ კომერციულ სეგმენტში, ანუ, კომერციულ აქტორებს, ჩვენი კანონმდებლობით, აქვთ უფლება თვითონ შეისყიდონ გაზი თუ სხვა რესურსები და აწარმოონ მოლაპარაკება სამინისტროს მიერ შექმნილი პოლიტიკის ფარგლებში.

Leave a Reply

Menu Title