აშშ-ში კრიპტოვალუტების დაბეგვრის წესი მკაცრდება

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი ინფრასტრუქტურის პაკეტი კრიპტოვალუტით ტრანზაქციებისთვის საგადასახადო ანგარიშგების მოთხოვნებს ზრდის. ცვლილებას ეწინააღმდეგება ციფრული ვალუტის ინდუსტრია. მიუხედავად იმისა, რომ სენატორების ორპარტიული ჯგუფი კანონში შესწორების შეტანას ჯერ კიდევ იმედოვნებს, ინდუსტრიას წინ დიდი ბრძოლა ელის.

რა შეიცვალა კანონში?

2023 წლიდან, კრიპტოვალუტის ბროკერებს, როგორიცაა Coinbase, მოეთხოვებათ თვალყური ადევნონ ტრანზაქციებს ისევე, როგორც ამას საფონდო და ობლიგაციების ბროკერები აკეთებენ. მათ უნდა გაამჟღავნონ მომხმარებლების სახელები, მისამართები და ტელეფონის ნომრები, გაყიდვებიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი და ნებისმიერი მოგება ან ზარალი. ასევე, ბიზნესებმა, რომლებიც კრიპტოვალუტის სახით $10,000-ს ან მეტს იღებენ, გამომგზავნის ვინაობა მთავრობას უნდა შეატყობინონ.

რას ნიშნავს ეს გადასახადის გადამხდელებისთვის?

პოტენციურად, არც ისე ბევრს. შემოსავლების სამსახური უკვე განიხილავდა ვირტუალურ ვალუტას, როგორც საკუთრებას, ამიტომ მომხმარებლებს მათი გაყიდვისა ან გაცვლისთვის გადასახადები ისევე ეკისრებათ, როგორც აქციების ან ობლიგაციების შემთხვევაში.

რა აზრი აქვს მეტი გამჭვირვალობის მოთხოვნას?

საგადასახადო კომისიის თანახმად, ეს მას უფრო მეტ საგადასახადო შემოსავალს მოუტანს – დაახლოებით $28 მილიარდს მომავალი 10 წლის განმავლობაში. ის ასევე მიზნად ისახავს კრიპტოვალუტის ტრანზაქციების დაბეგვრის შესახებ შფოთის განეიტრალებას, რადგან ასეთი ტრანზაქციები ხშირად IRS-ის კონტროლს მიღმა რჩება.

რა არის საკამათო ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით?

კრიპტო დამცველები ამბობენ, რომ ფორმულირება, რომელიც კრიპტო ბროკერს განსაზღვრავს, ძალიან ფართოა. ის ვრცელდება ნებისმიერ სუბიექტზე, რომელიც თავისი სერვისით ციფრული აქტივების ტრანსფერს უზრუნველყოფს. ეს ფორმულირება, მათი თქმით, შეიძლება ნიშნავდეს, რომ კრიპტო მაინერებს და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს შეიძლება მოეთხოვოთ ინფორმაცია, რომელზე წვდომა არც კი აქვთ. სენატორი სინტია ლუმისის თქმით, ამან შეიძლება ჩაახშოს ინოვაცია.

როგორ გვთავაზობს კონგრესი კანონის შეცვლას?

ლუმისმა და სენატის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ რონ უაიდენმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ავიწროებს ბროკერის განმარტებას. კანონპროექტი აზუსტებს, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დეველოპერებს და კრიპტო საფულის პროგრამებს არ მოუწევთ ტრანზაქციების დაფიქსირება IRS-ში. ტედ კრუზს, რესპუბლიკელ სენატორს, ასევე აქვს კანონპროექტი, რომელიც  ინფრასტრუქტურის კანონიდან კრიპტო განყოფილებას მთლიანად გამორიცხავს.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply