ჯო ბაიდენის განცხადებით, ნავთობკომპანიები საწვავის საბითუმო და საცალო ფასებს შორის სხვაობას მოგების სახით ჯიბეში იდებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ფედერალურ სავაჭრო კომისიას სთხოვა, განეხილა, იწვევს თუ არა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში პოტენციურად უკანონო და ანტიკონკურენტული ქცევა მომხმარებლებისთვის უფრო მაღალ ფასებს.

„სინამდვილეში, საწვავის საბითუმო და საცალო ფასებს შორის სხვაობა წარსულის საშუალო მაჩვენებლებს რომ შეესაბამებოდეს, ამერიკელები ახლა, სულ მცირე, 25 ცენტით ნაკლებს გადაიხდიდნენ. ამის ნაცვლად, კომპანიები სხვაობას ჯიბეში იდებენ მოგების სახით. ეს მიუღებელია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ ნავთობზე დამოკიდებულებას შეამცირებს, რადგან ქვეყანა სუფთა ენერგიაზე გადადის.

მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ სტრატეგიული რეზერვიდან 50 მილიონი ბარელი ნავთობის გამოშვებას გეგმავს, რათა ამერიკელებისთვის საწვავზე ფასები შეამციროს.

Leave a Reply