ნავთობის ფასი მორიგ რეკორდს ხსნის

ნავთობის ფასი მორიგ რეკორდს ხსნის

ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური განვითარების დამუხრუჭება დოლარს პოზიციების დინამიკაში გამყარების საშუალებას არ აძლევს. გასული კვირის დასაწყისში თითქოს გაძლიერებული ლიდერი ვალუტის ტრენდი, აშშ-დან გამოსული სუსტი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და ევროზონის ეკონომიკური განვითარების პოზიტიური ტემპის ფონზე მკვეთრად დაეცა. დოლართან მიმართებაში განსაკუთრებით გაძლიერდა ევრო, რომელმაც 1.14 ნიშნულს გადააჭარბა კიდეც.

აშშ-ს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ნაცვლად წინასწარ პროგნოზირებული ზრდისა, 2,2%-ით დაეცა საცალო გაყიდვების მაჩვენებელი. შემცირდა იმპორტის ღირებულება. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინდიკატორი შტატებში უკვე ზედიზედ 10 თვეა ეცემა. ფაქტია, რომ სუსტი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე შეერთებული შტატებისთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება ინფლაციის სასურველ 2 %-იან ნიშნულზე გასვლა. ამ მიმართულებით ერთადერთ იმედის ნაპერწკალს შედარებით გაძვირებული ნავთობის ფასი აღვივებს. ამერიკული ნედლი ნავთობის ფასმა მოპოვების რეკორდული შემცირების ფონზე მართლაც გაიმყარა პოზიციები და ბარელზე უკვე მისი ღირებულება 62 დოლარის მიუახლოვდა.
რაც შეეხება ევროზონას, ოფიციალური მონაცემების თანახმად, პირველი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 0,4%-ს ფარგლებში დაფიქსირდა, რაც ანალიტიკოსების შეფასებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე პოზიტიური მაჩვენებელია. ზრდა განსაკუთრებით ძლიერი იყო საფრანგეთსა და იტალიაში – ქვეყნებში, რომლებიც წინა კვარტალში სტაგნაციის საფრთხის წინაშე იდგნენ. ექსპერტები ევროზონის ეკონომიკური განვითარების დადებითი ტემპის კვალდაკვალ ევროს გაძლიერებას რბილი მონეტარული პოლიტიკის შედეგებად მოიაზრებენ.
გასულ კვირაში საინტერესო იყო ჩინური იუანის აღმავალი ტრენდის ტენდენცია, რაც მძიმე ტვირთად დააწვა ჩინურ ექსპორტს. ეკონომიკური განვითარების ტემპით ისედაც უკმაყოფილო ჩინეთს ექსპორტი 6.4%-ით შეუმცირდა. ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა ეს ფაქტი სხვადასხვა ძლიერი ვალუტების დასუსტების კვალვდაკვალ იუანის გაძლიერებას დაუკავშირა. მართალია, შესაძლოა იუანის გამყარება მსოფლიოში ჩინური საქონლის მომხმარებლებს ნამდვილად არ აწყობთ და ექსპორტმაც იკლო, თუმცა ციფრები არც იმპორტის შემთხვევაშია სახარბიელო. მოულოდნელად მისმა კლებამ აპრილის თვეში 16.2% შეადგინა და ამით 4%-ით გაუსწრო მარტის თვის მაჩვენებელს. იმპორტის შემცირება ხაზს უსვამს, რომ მსოფლოს სიდიდით მეორე ეკონმიკის მქონე ქვეყანაში შიდა მოხმარების დონემაც მკვეთრად იკლო.
მოგეხსენებათ, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ეკონომიკის გამოცოცხლებისა და განვითარების მიზნით ნოემბრიდან მოყოლებული სამჯერ მიიღო საპროცენტო განაკვთების შემცირების გადაწყვეტილება. მთავარმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შეუმცირა სავალდებულო რეზერვებიც, რათა მათ სხვადასხვა სახის აქტივობის დასაფინანსებლად ფული გამოთავისუფლებოდათ. როგორც ჩანს, ცენტრალური ბანკის მცდელობებმა შედეგი ჯერჯერობით ვერ აჩვენა. მეტიც, ჩინეთი უკვე კიდევ ერთხელ ამცირებს ქვეყნის 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და მას 6%-ის ფარგლებში მოიაზრებს.
ნავთობი
ნავთობის ფასის ბოლო დროის აღმავალი ტრენდი წარმატებით გრძელდება. მართალია, ბუნებრივი რყევებისგან თავისუფალი ვერც ეს ბაზარია, თუმცა ფაქტია, რომ სხვადასხვა ტიპის ნავთობის ფასის დინამიკაში მატება აშკარად შენარჩუნებულია. გასული კვირის განმავლობაში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი 2.5% გაიზარდა და ბარელზე 61 დოლარს მიუახლოვდა, რაც წლის რეკორდული მაჩვენებელია. იგივე ითქმის ბრენტის ტიპის ნავთობზეც. მატება აქ 3%-ის ფარგბელში დაფიქსირდა, ბარელზე კი მისმა ღირებულებამ 67 დოლარს მიაღწია. ამერიკული ნედლი ნავთობის ფასზე გავლენა მოთხოვნის ზრდის გარდა, დოლართან მიმართებაში ევროს გაძლიერებამაც მოახდინა. მოგეხსენებათ, ქვეყნები ნავთობს დოლარში ყიდულობენ, შესაბამისად დოლარის გაძლირება მათ წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამს.

ენერგეტიკის საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 2015 წლის დარჩენილ პერიოდში ამერიკული ნედლი ნავთობის საშუალო ფასად 55 დოლარს მოიაზრებს. ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ ეს ციფრი 2016 წლისთვის 66 დოლარამდე აიწევს. რაც შეეხება ბრენტის ტიპის ნავთობის მისამართით გაკეთებულ პროგნოზებს, ენერგეტიკის საერთაშორისო ადმინისტრაცია საშუალო ფასად 2015 წლის განმავლობაში 61 დოლარს მოიაზრებს. ამასთან, ადმინისტრაციის ხედვით, ირანთან მიმართებაში საბოლოო შეთანხმების მიღწევა და მისი სანქციებისგან გათავისუფლება, ბაზარზე არსებული მოლოდინების ცვლილებას გამოიწვევს.

წყარო: admiral markets georgia

 

Leave a Reply

Menu Title