ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ნავთობის 6%-იანი ვარდნა ქართულ ბაზარზე სულ მცირე 10 დღეში აისახება

ნავთობპროდუქტების გაიაფების ტენდენციას საქართველოს ბაზარი ამჯერადაც დაგვიანებით უპასუხებს. დაახლოებით 10-14 დღიანი პერიოდია საჭირო, რომ საწვავის გაიაფების ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზეც დაიწყოს. როგორც ცნობილია, გლობალურ ბაზრებზე საწვავი იაფდება.  „შავი ოქროს“ ღირებულებამ პარასკევის სავაჭრო სესიაზე მკვეთრად იკლო. თბილისის დროით 13:38 საათისთვის Brent-ის მარკის ნავთობმა 5,63% დაკარგა და ბარელზე $77,59 შეადგინა, ხოლო ამერიკული WTI კიდევ უფრო მკვეთრად – 6,77%-ით გაიაფდა და ბარელის ფასი $73,1-ით განისაზღვრა.

როგორც აღვნიშნეთ, ადგილობრივი ბაზარი გლობალურ საფასო ტენდენციას დაგვიანებით უპასუხებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა ,,კომერსანტს“ განუცხადა, რომ მინიმუმ, 10-14 დღიანი შუალედია საჭირო, რომ ტენდენცია საქართველოს ბაზარზეც აისახოს. თუმცა კონკრეტულად რა მაჩვენებლით გაიაფდება საწვავი, მთვრალაშვილი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.

,,ნავთობის ფასები ბოლო პერიოდის განმავლობაში კლებულობს და ეს პირდაპირ უკავშირდება ნავთობის უმსხვილეს 6 მომხმარებელი ქვეყნის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოიყენებენ ქვეყნის ნავთობის სტრატეგიულ მარაგებს, რათა უზრუნველყონ მისი საერთაშორისო ფასის შემცირება. ამ ჯგუფში შედიან ამერიკის შეერთებული შტატები (ინიციატორი), ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და დიდი ბრიტანეთი. ნავთობის ფასების შემცირების პარალელურად კლებულობს ბენზინის, დიზელის საერთაშორისო ფასები S&P Global Platts-ის მიხედვით. პოზიტიური დინამიკა პირველ ეტაპზე უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას ადგილობრივ ბაზარზე და დროის გარკვეულ ინტერვალში, როდესაც მოხდება ქვეყანაში მიმდინარე დაბალფასიანი პროდუქციის იმპორტის განხორციელება გამოიწვევს ფასების შემცირებას. იმ შემთხვევაში, თუკი გლობალურ ბაზრებზე არსებული მოცემულობა შენარჩუნდება, ფასები მომდევნო 10-14 დღეში 3-5 თეთრიანი ბიჯებით აქაც მოხდება. ეს არ ნიშნავს, რომ 5 თეთრით შემცირდება და არა მეტით, ამიტომ ცოტა რთულია პროგნოზი რა მაჩვენებლით გაიაფდება საწვავი საქართველოში“, – ამბობს მთვრალაშვილი.

როგორც  ნავთობის ბაზრის უცხოელი ანალიტიკოსები წერენ, ფასების მკვეთრი ვარდნა ჭარბი მიწოდების მოლოდინებმა განაპირობა, რომელიც ნავთობის სტრატეგიული მარაგების გახსნის შესახებ რამდენიმე ქვეყნის გადაწყვეტილებამ გააღვივა. ამას დაემატა მოთხოვნის შემცირების მოლოდინი, რაც თავის მხრივ კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენას მოჰყვა.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title